თურქეთი არ დაუშვებს, რომ პალესტინის მიწები ვინმეს გადაეცეს - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთი არ დაუშვებს, რომ პალესტინის მიწები ვინმეს გადაეცეს - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

A+ A-

13:16 25/05/2020

თურქეთი არ დაუშვებს, რომ პალესტინის მიწები ვინმეს გადაეცეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკელი მუსლიმებისადმი ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, ალ-ქუდსი და ალ-შარიფი წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს.

„კვლავ ვიმეორებ, ალ-ქუდსი და ალ-შარიფი, სამი რელიგიის წმინდა ადგილი და ჩვენი პირველი ქიბლაა. ეს ყველა მუსლიმისთვის, მსოფლიოს მასშტაბით წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“,- აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, გლობალურმა მცდელობამ, სამართლიანობის, მშვიდობის და წესრიგის დამყარების დროს, წარუმატებლობა დიდი ხნის წინ განიცადა.

„ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ, რომ ისრაელი იწყებს ოკუპაციის და ანექსიის პროექტის განხორციელებას, რომელიც არაფრად აგდებს პალესტინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონმდებლობას“, - ამბობს ერდოღანი.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც.