გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი ქურთუკში ჰქონდა - მოწმე პოლიციელი
გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი ქურთუკში ჰქონდა - მოწმე პოლიციელი

A+ A-

13:37 25/05/2020

"მთავარი არხის" მეწილეს, გიორგი რურუას, ჩხრეკისას იარაღი ქურთუკში ჰქონდა. ამის შესახებ რურუას საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა, ბექა მახარაძემ სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, რურუას იარაღი თავად მან უპოვა.

„ჩხრეკა მე და ლევან ადეიშვილმა დავიწყეთ, რა დროსაც ჩვენ მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. როგორც მახსოვს, თხელი ქურთუკი ეცვა.

იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში, წელზე მიდიხარ და წელზე, რომ ხელი შემოვუსვი, მარცხენა ხელზე მომხვდა. ვიგრძენი, რომ იარაღი იყო. ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე და ჩავდე ექსპერტიზის პარკში, რომელიც გამომძიებელს ეჭირა“, - განაცხადა ბექა მახარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ოპოზციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რურუა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მათივე თქმით, ოპოზიციასა და პოზიციას შორის 8 მარტს მიღებული შეთანხმება, სხვა "პოლიტპატიმრებთან" ერთად რურუას გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა და თუ რურუას არ გამოუშვებენ შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.