ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლე აშანტაჯებდა, სისულელეა - ადვოკატი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლე აშანტაჯებდა, სისულელეა - ადვოკატი

A+ A-

15:24 25/05/2020

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლე აშანტაჯებდა, სისულელეა. ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის, ადვოკატმა ანა აბაშიძემ განაცხადა. როგორც აბაშიძე ამბობს, დაცვის მხარე საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც მყარია.

"საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქმის მნიშვნელოვან დეტალებზე, ანუ ის რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში და არ არის ისე, როგორც ამას წარმოაჩენს მეორე მხარე, თითქოს ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. ასე ნამდვილად არ არის და სწორედ ამაზე გაკეთდება კომენტარი.

ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის მტკიცებულებები გვაქვს და იმაზე, რომ ეს მტკიცებულებები მყარია. რაც შეეხება შანტაჟს ამ ბრალდებასაც ვუპასუხებთ. ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. ვიცით ყველაფრის შინაარსი, რაც ამოღებულია გამოძიების ფარგლებში. გამოძიებასთან შეთანხმებით ვისაუბრებთ, რადგან გამოძიება მიდის და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ", - განუცხადა ადვოკატმა "ფორმულას".

შეგახსენებთ, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მან საპატიმრო უკვე დატოვა და 100 000-ლარიანი გირაოც გადაიხადა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.