მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს სახეში ესროლოთ - ბოკუჩავა გახარიას
მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს სახეში ესროლოთ - ბოკუჩავა გახარიას

A+ A-

14:25 27/05/2020

„გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარაის.

დეპუტატმა პანდემიის პირობებში ხელისუფლების მოქმედებები მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები მწვავე კრიზის ფონზე, ძვირადღირებული ნივთების შეძენით და კორუფციით არიან დაკავებული.

„ბატონო გახარია, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობას მხოლოდ 5 პროცენტი შეხვდა დანაზოგით? 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდეს ნაწილიც ასევე სიღარიბეშია

რატომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ. რატომ არ გაეცით განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე? ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს, გომელაური 2 მილიონზე მეტს ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებასაც ვერ იღებენ.

თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის "ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი. რაც არ უნდა ეცადოთ დღეს რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ფორმულა"