ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი - პრემიერი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე
ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი - პრემიერი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

A+ A-

11:59 03/07/2020

19  წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ დავალება, საზოგადოების არც ერთი კითხვა დატოვონ უპასუხოდ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ.

„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი.

მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.