წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ - გახარია
წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო  სიაში ვის ვიხილავთ -  გახარია

A+ A-

12:26 03/07/2020

"წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ჟურნალისტებმა პარლამენტში მუშაობის დროს გამდიდრებული  დეპუტატების სიაში შეყვანის თაობაზე დაუსვეს.

პრემიერის განმარტებით, არაფერი არ იქნება დამალული.

"წარმოდგენა არ მაქვს, მომავალ საპარლამენტო სიაში ვის ვიხილავთ. ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ღიაა დღეს მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება. შესაბამისად, თუ იქ რაიმე საფუძველი არსებობს, დაიწყება მოკვლევა", - თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფოსთან 6 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს.