კორონავირუსი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის - კობახიძე
კორონავირუსი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის - კობახიძე

A+ A-

13:10 03/07/2020
კორონავირუსი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.
 
მისივე განმარტებით, უკვე მიღებულია საკანონმდებლო რეგულაციები, რათა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება მოხდეს.
 
„ჩვენ ამ დროისთვის გვაქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ინფექციისა და სიკვდილიანობის.
ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 107-ს შეადგენს, რაც ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის საბჭოს მონაცემებს შორის. ესეც გვაძლევს ჩვენ საშუალებას, ჩავატაროთ არჩევნები წესების დაცვით. არ მგონია, რომ „კოვიდმა“ ხელი შეგვიშალოს არჩევნების ჩატარების მხრივ. უკვე მივიღეთ საკანონმდებლო რეგულაციები, რათა ამ საკითხს გავუმკლავდეთ და გავითვალისწინეთ ევროკავშირის რეგულაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
 
იმედი მაქვს, დღევანდელი დისკუსია იქნება ჩვენთვის ძალიან ღირებული, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო რეგულაციებით გათვალისწინებულია ოდირის ყველა რეკომენდაცია, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში.
„თემა, რომელსაც დღეისთვის განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, არჩევნებისათვის განსაკუთრებით.
ამ თემაზე ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვმუშაობთ, მაგრამ მინდა, ახლა გაგაცნოთ ის შედეგები, რომელიც მივიღეთ 2020 წლის არჩევნებისათვის.
 
ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რის შედეგადაც, პროპორციული არჩევნები გაცილებით უფრო ღრმად იკიდებს ფეხს ჩვენს რეალობაში. ჩვენ უკვე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველვყოთ საქართველოში. ჩვენ შევეცადეთ, გადაგველახა ის ძირითადი დაბრკოლებები, რომლებიც საარჩევნო პროცესის ჩატარებას ხელს უშლის ხოლმე. იმედი გვაქვს, ამა წლის ოქტომბერში სრულიად ახალი ტიპის არჩევნებს ჩავატარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.