დაგვადგა ნათელი! ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი, მე გადავალ ფოთში - ჩერგოლეიშვილი
დაგვადგა ნათელი! ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი, მე გადავალ ფოთში - ჩერგოლეიშვილი

A+ A-

13:34 03/08/2020

"ტაბულას" რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს „ნათელი დაადგა“,  „ქალთა პარტიას“ აღარ ქმნის და „ევროპული საქართველოს“  წინასაარჩევნო კამპანიის წარსამართად ქმრის, გიგა ბოკერიას სამაჟორიტარო  ოლქში მიდის. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ფოთის, ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქში პარტია "ევროპული საქართველოს" ეგიდით ახალგაზრდულ მიმართულებას ჩაიბარებს. მისივე თქმით, სამი თვით ტოვებს რედაქტორის თანამდებობას და დროებით საცხოვრებლად სამეგრელოში გადადის, სადაც მისი მეუღლე, გიგა ბოკერია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

"მოკლედ, ასეთი ამბავია: დაგვადგა ნათელი! გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი. ფოთი, ხობი, სენაკი. ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს: 1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები - სანამ კამპანიაა. 2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას. 3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ - გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში - შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ!", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო არჩევნებში ფოთისა და სენაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.