მე შეიძლება უკრაინის პრემიერობის კანდიდატი ვიყო და არა - საქართველოსი - მიხეილ სააკაშვილი
მე შეიძლება უკრაინის პრემიერობის კანდიდატი ვიყო და არა - საქართველოსი - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

18:50 04/08/2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერობის პოსტისთვის არ იბრძოლებს. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის შესაძლოა, მხოლოდ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის, უკრაინის პრემიერი გახდეს.

სააკაშვილის თქმით, ახლა დრო არ არის თანამდებობების "გაყოფისა", რადგან მთავარი მიზანია, რომ "ივანიშვილი დასრულდეს".

"მე პრემიერობის კანდიდატი შეიძლება ვიყო ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინულ პრესას. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში, ამიტომ საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ჩემი თავი ვიღაცას შევატენო, ჩემი  კანდიდატურა, არის სასაცილო და დამაბნეველი.

ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ?! ჩვენ მალე ქვეყანა აღარ გვეყოლება. საქართველო, როგორც ქვეყნა მსოფლიო რადარებიდან უკვე გაუჩინარებულია.

ივანიშვილს სააკაშვილის მსოფლიო რადარებიდან გაუჩინარებაც მოუნდა, მაგრამ მე ძალიან აქტიურად ვარ მსოფლიოს ყველა  რადარზე, მაგრამ საქართველო აღარ არის მსოფლიო რადარზე.

განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკანისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება. ჩვენ ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება. ვემზადებით არჩევნებისათვის და ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყანას 2020 წლის არჩევნებით უნდა ავუნაზღაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ გაშვებული დრო, ქართველმა ხალხმა კი საქართველო უნდა დაიბრუნოს.

„წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და ხელახლა დავიწყოთ აღმშენებლობა. გაშვებული დრო ჩვენ ქვეყანას უნდა ავუნაზღაუროთ. ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო და მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ თანამდებობეს იყოფენ. რა თანამდებობები ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ, სამშობლო აღარ გექნებათ.

მე ყველა ჩვენ თანამებრძოლს ვცემ პატივს, მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ხალხი გაარკვევს. პირველ რიგში ხალხმა უნდა დაასრულოს ეს გაუგებრობა. მოვლენებს ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, დრო ცოტაა. ყოველდღე უნდა ვმუშაობდეთ ივანიშვილის დამარცხებაზე და არა იმაზე, რომ ვარჩევდეთ მეორე, მესამეხარისხოვან რაღაცეებს. პარტიული კვოტები უკან დაგვრჩება, თუ ქვეყანა დავკარგეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.