"სამტრედიას დაამსგავსა თბილისი", "მოვიკითხავ შენებსაც" - ქუსლიან-უქუსლო ვაკელების "ლოცვა-კურთხევა" კალაძეს ჭავჭავაძის გამზირიდან
"სამტრედიას დაამსგავსა თბილისი", "მოვიკითხავ შენებსაც" - ქუსლიან-უქუსლო ვაკელების "ლოცვა-კურთხევა" კალაძეს ჭავჭავაძის გამზირიდან

A+ A-

13:04 05/08/2020

თბილისის მერს, კახა კალაძეს სურს, რომ თბილისში მანქანებმა აღარ იაროს და მხოლოდ ველოსიპედით გადავაადგილდეთ. ასე ფიქრობს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა მფლობელებისა  და ვაკელების მსგავსად, “2020NEWS“-თან  “ლოცვა-კურთხევა“  არ დააკლო ქალაქის თავს და ასე მიგვიყვანა დანიშნულების ადგილამდე. განსხვავებული აზრი განსხვავებული ჭავჭავაძის გამზირის გამო, არც სხვა ტაქსის მძღოლს ჰქონია და ჩვენი  საათნახევრიანი მოგზაურობა გამზირზე სწორედ  თბილისის მერს დაეთმო.

ვიდრე მძღოლების ნაამბობზე გადავალთ, გეტყვით, როგორია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამზირი მას შემდეგ, რაც კალაძეს მისი დემონტაჟი მოუნდა.

„ოთხზოლიანი“ ჭავჭავაძის გამზირი ახლა ასე გამოიყურება:  

ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლები შუაში განთავსდა, გზის ორივე მხარეს კი ველობილიკები მოეწყო. შედეგად, 4-ზოლიანი ჭავჭავაძე, ახლა 2-ზოლიანი გახდა. გამზირის შუაშია მოწყობილი ავტობუსის გაჩერებებიც და ამ გაჩერებების გამო, ძალიან ახლო-ახლოს არის ქვეითთა გადასასვლელები - ე.წ. ზებრა. სწორედ, ცნობილი გამზირის დაპატარავებამ და შუაგულში განთავსებულმა ავტობუსების ზოლმა გამოიწვია 40-წუთიან-საათნახევრიანი საცობი, რომელიც ვარაზისხევიდან იწყება და ვაკის პარკთან სრულდება.

თუ ძალიან გეჩქარებათ გადაადგილება, არც კი იოცნებოთ, რომ გვერდით მდგომ მანქანას გვერდს აუვლით. ავტომობილები ისე ახლო-ახლოს გადაადგილდებიან და ისე კუს ნაბიჯით მიდიან ერთმანეთზე მიწყობილები, რომ შეგიძლიათ, გვერდით მდგომი ავტომობილის მგზავრებს „ეჭორაოთ“ კიდეც.  მძღოლები და მგზავრები რომ სერიოზული  თემების განხილვას ასწრებენ, დაახლოებით 40-წუთიანი მგზავრობის დროს, ამაზე უკვე აღარც ღირს ყურადღების გამახვილება, ისედაც გასაგებია.

მაგალითად,  ჩვენი ტაქსის მძღოლი დარწმუნებულია, რომ კალაძეს სამტრედიის ნოსტალგია აწუხებს და თბილისიც მშობლიურ ქალაქს უნდა დაამსგავსოს. 

“კალაძემ თბილისი სამტრედიას დაამსგავსა. ამის მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც ისე დაავიწროეს, რომ მარტო ველოსიპედით  თუღა შეძლებთ გადაადგილებას. ასე თუ გააგრძელებს, ძალიან ცუდად დატოვებს თანამდებობას“, - უთხრა “2020NEWS“-ს ტაქსის მძღოლმა.

თუკი, ჭავჭავაძის გამზირზე სამსახური გაქვთ, ან სჭიროებისამებრ გსურთ გადაადგილება, გაითვალისწინეთ, რომ საცობში, ყველაზე ცოტა, დაახლოებით,  ნახევარი საათიდან 40 წუთამდე მაინც მოგიწევთ  ყოფნა და მძღოლთან საუბრის სურვილი თუ არ გაქვთ, რომ არ მოიწყინოთ,  შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, ან თქვენს საყვარელ  მუსიკას მოუსმინოთ. დრო თავზე საყრელია.

ჩვენი მონათხრობის სიზუსტეს მეორე ტაქსის მძღოლიც ადასტურებს.  მისი თქმით, მგზავრის ადგილზე მისაყვანად, ჭავჭავაძეზე, შაბათს, დაახლოებით, საათნახევარი მოუწია საცობში დგომამ.

“ეს რა უბედურება გააკეთეს. მშვენივრად იყო ოთხი ზოლი. თავისუფლად შეგეძლო მოძრაობა, ახლა კი, ვაკის გაგონება არ მინდა. როდესაც მგზავრი მეუბნება, ვაკეში მინდა წასვლაო, ვცდილობ, უარი ვუთხრა. ამას წინათ მგზავრი მიმყავდა და დანიშნულების ადგილამდე მისვლას, ლამის საათნახევარი მოვანდომე. ეს რა უბედურებაა - შუა გზაზე ხეების დარგვა. მალე მანქანებს სახლში დავტოვებთ და ვივლით ფეხით. რა აზრი აქვს სამსახურამდე მისვლას, მანქანით საათნახევარი მოანდომებ თუ ფეხით. არ ჯობია ფული დაზოგო?“, - ამბობს ჩვენი ტაქსის მძღოლი.

ამ ქუსლიანი ვაკელების “ლოცვა-კურთხევამ“, დედაქალაქის მერის მეუღლემდე, ანუკი არეშიძემდეც მიაღწია. კალაძის მეუღლემ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კომენტარებში სწორედ ვაკის საცობებზე ზოგი ხუმრობდა და ზოგიც ილანძღებოდა.

ერთ-ერთ კომენტარმა, კახა კალაძის გაღიზიანებაც კი გამოიწვია და ინსტაგრამის მომხმარებელთან “საქმის გარჩევა“ დაიწყო.

anythinguwant4 – რა სახე გაქვს, ვაკეში ჰო არ ჩაიარე?

ანუკი არეშიძე: არა, ეს მანამდე იყო. ყველაზე ევროპული გამზირია, ქვეითად მოსიარულებზე მორგებული.

anythinguwant4: ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან))), არ გინდათ არ ჩაიაროთ. პ.ს:თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ.

კახა კალაძე: გაჩერებას მე გაპოვნინმებ.

anythinguwant4: მადლობა მერო, მე შეგეხმისნები.

კახა კალაძე: არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი.

მოკლედ, ახალი ჭავჭავაძის გამზირით უკმაყოფილოა მთელი ერი, ბერი და ვაკე, მაგრამ  კმაყოფილია თბილისის სამტრედიელი მერი. ეგ  კი არადა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა კიდეც,  რომ ქალბატონები ქუსლიანი ფეხსაცმელებით ჭაჭავაძის გამზირზე კომფორტულად ივლიან და კმაყოფილები დარჩებიანო.  რამდენი ქუსლიანი ვაკელი ქალბატონი უთვლის „ლოცვა-კურთხევას“ ქალაქის  თავს, მან ეს ჯერ, ეტყობა, არ იცის.

“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტი მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა მორგებული და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი მთლიანად ბუნებრივი ქვითაა მოპორკეთებული, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, - აღნიშნა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თავკაცი კმაყოფილია რეაბირიტირებული ჭავჭავაძით, მას მაინც მოუწია ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი საცობის გამო, ბოდიშის მოხდა.

 "მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და რაღაც დროით მოუწია საცობში დგომა. მეც გადავაადგილდები ქალაქში და თქვენს ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის",- განაცხადა კალაძემ.

შეეგუებითო, დაგვმოძღვრა კალაძის მოადგილემ, მაგრამ მაინც თუ ვაკისკენ გინდათ გადაადგილება,  სახლიდან ადრე გამოდით, დანიშნულების ადგილს მალე რომ მიაღწიოთ და  საერთოდაც, როგორც ჩვენი რეპორტაჟიდან ირკვევა,  ჭავჭავაძის გამზირზე გასვლის მსურველი ტაქსის მძღოლი იპოვოთ.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის მაისიდან დაიწყო. კახა კალაძის განაცხადებით,  გამზირის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა.