ჩემი შვილის მკვლელები დღესაც დაუსჯელები არიან - არჩილ ტატუნაშვილის მამა
ჩემი შვილის მკვლელები დღესაც დაუსჯელები არიან - არჩილ ტატუნაშვილის მამა

A+ A-

13:32 08/08/2020

"ჩემთვის ეს დღე არის ამ ბიჭების გმირობის სიმბოლო. ჩემი შვილი კვირაში ორი-სამი დღე მაინც ამოდიოდა აქ, პატივს მიაგებდა ამ ბიჭებს", - ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა განაცხადა. 

გივი ტატუნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა წუხს, რომ მისი შვილის მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. 

"როგორ გითხრათ, მთავრობას რაც შეუძლია აკეთებს. ერთი ეგ არის, რომ დღესაც დაუსჯელები არიან ჩემი შვილის მკვლელები. სასამართლო პროცესიც მგონი არ დასრულებულა, არც ვიცი, მიუსაჯეს თუ არა დაუსწრებლად იმ ორს, რომლებიც იყვნენ მხილებული ჩემი შვილის დაკავებასა და წამებაში", - აცხადებს გივი ტატუნაშვილი. 

არჩილ ტატუნაშვილის მამამ მისი შვილის ტრაგიკული მკვლელობის ამბავიც გაიხსენა. 

"22 თებერვალს ახალგორში დააკავეს ჩემი შვილი. წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. იქ შესთავაზეს, ეღიარებინა, რომ ის იყო ამერიკელებისგან მომზადებული და შესულიყო დივერსიული აქტის მოსაწყობად, აეფეთქებინა მდინარე ქსანზე არსებული ხიდი, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს და წამებაში მოკლეს.

22-ში ღამეს წამებით გარდაიცვალა. სასტიკად ნაწამები იყო. სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, რომ დარტყმები არ ჰქონოდა მიყენებული. ამის შემდეგ 26 დღე ცხედარს არ გვაძლევდნენ. შემდეგ ცხედარი გადმოგვცეს, მაგრამ გადმოგვცეს შინაგანი ორგანოების გარეშე", - ამბობს ტატუნაშვილი. 

გივი ტატუნაშვილი გარდაცვლილი გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მისი შვილიც არის დაკრძალული. 

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს წამებით მოკლეს. პროკურატურის ცნობით, ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ტატუნაშვილის წამება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეიტყვეს, რომ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული.