უცხოელს, რომელმაც ვერ დატოვა საქართველო, შეუძლია ქვეყანაში 31 დეკემბრამდე დარჩეს
უცხოელს, რომელმაც ვერ დატოვა საქართველო, შეუძლია ქვეყანაში 31 დეკემბრამდე დარჩეს

A+ A-

15:20 09/08/2020

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოში და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მისი საქართველოში ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;

თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;

თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 28 იანვრის განკარგულებაში, 5 აგვისტოს შეიტანა.

აღნიშნული გარემოებების გამო უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადა რამდენჯერმე გადავადდა. მთავრობის წინა განკარგულებით ეს ვადა 2020 წლის 31 ივლისამდე იყო განსაზღვრული.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით კი, უცხოელს – საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, „თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა“.

წყარო: ბათუმელები