კახი კალაძის კვანტი ირაკლი ღარიბაშვილს - რატომ გაქრა "ქართული ოცნების" ოცეულიდან თავდაცვის მინისტრი?
კახი კალაძის კვანტი ირაკლი ღარიბაშვილს - რატომ გაქრა "ქართული ოცნების" ოცეულიდან თავდაცვის მინისტრი?

A+ A-

19:00 11/09/2020

გახარია - „მუდმივ“ პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ - რატომ ჩავარდა „ქართული ოცნების“ ოცეულის ეს სქემა? „2020NEWS“-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ოცეულის წარდგენამდე ერთი დღით ადრე მმართველ პარტიას თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა, თბილისის მერმა,  კახი კალაძემ კახური კლანის ლიდერს კვანტი კიდევ ერთხელ დაუდო. მეტიც, 10-ში დილას ოცეულის სიიდან ბევრი უკვე შეთანხმებული კადრი გაქრა.

ჩვენი ინფორმაციით, ზოგადად, დაპირისპირება კალაძესა და ღარიბაშვილს შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ღარიბაშვილის კადრი ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა. შიხიაშვილი, რომელიც ამჯერად უკვე პოლიტიკური პარტიის -  „ქართული მარშის“  ლიდერია, არ მოსწონდა დედაქალაქის მერს და „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს, კალაძეს.  

კალაძე-ღარიბაშვილის ქიშპობა საკადრო და პარტიულ საკითხებში გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე, ღარიბაშვილის პრემიერობის დროიდან და შემდგომში, კალაძემაც არ დააკლო ხელი ექსპრემიერის საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის პროცესს.

ქიშპობა არ დასრულებულა არც მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ივანიშვილმა შემოაბრუნა პოლიტიკაში - თავდაცვის მინისტრად. თუმცა, როგორც კი თავდაცვის მინისტრმა მეტი მოინდომა და საკანონმდებლო ორგანოსკენ გაიწია, კალაძის კვანტმაც არ დააყოვნა.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე გარჩევები „ქართულო ოცნებაში“ მწვავე ფორმაში წარიმართა. გარჩევების დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა, 10-ში დილას, საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა „დაწუნებულ იქნა“, ისევე როგორც თეა წულუკიანის და ხმათა უმრავლესობით - ჩხარტიშვილი-კალაძე-კობახიძის აზრმა აჯობა ივანიშვილის შვილობილისა და ძირძველი „ოცნებელის“ მონდომებას. შესაბამისად, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე  კვლავ ამ ჯგუფის კანდიდატი, მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე დასახელდა.

ჩვენი ინფორმაციით, რადგან ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერობაზე უთხრეს უარი, მანაც საერთოდ საპარლამენტო სიაზე განაცხადა უარი.

ამის შემდეგ, საარჩევნო პროცესის წარმართვაზეც და „გამარჯვების“ დადებაზე პასუხისმგებლობაც სწორედ კალაძე-კობახიძის დუეტმა აიღო თავის თავზე.

შესაბამისად კი, მმართველი ძალის საარჩევნო სიის ოცეულში  მათი ხელდასხმული კანდიდატები მრავლად არიან - 20-დან 10 წევრი მათია. 10- ში დილას, ღარიბაშვილის „წასვლის გამო“, რამდენიმე შეთანხმებული კადრის სახელიც გაქრა ამ სიიდან.

წარმოგიდგენთ უკვე გაცხადებული „ოცეულიდან“  კალაძე-კობახიძის ათეულის ვინაობას:

N2 პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე - ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კადრი, „ქართული ოცნების“  შედარებით ახალი წევრი, რომელიც „ოცნების“ 2012 წლის შემადგენლობისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და სავარაუდოდ, „ოცნების“ სტაჟიან მომხრეებს მისი მომავალ პარლამენტში სპიკერობა გააღიზიანებს.

N3 ირაკლი კობახიძე - ასევე 2012 წლის შემდეგ შეძენილი კადრი „ქართული ოცნებისთვის“ და ასევე მისი ნაკლიც სწორედ ისაა, „ოცნების“ მომხრეების დადებითი განწყობა არ აქვს, არათუ - ოპონენტების.

N5 მამუკა მდინარძე - ვიცე-სპიკერი.ასევე 2012 წლის შემდეგ შეძენილი კადრია „ქართული ოცნებისთვის“ და მისი „ნაკლიც“ სწორედ ისაა, „ოცნების“ მომხრეების დადებითი განწყობა არ აქვს, არათუ - ოპონენტების.

N6 კახა კუჭავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2012 წლის შემდეგ შეძენილი კადრი „ქართული ოცნებისთვის“

N7 გიორგი კახიანი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2012 წლის შემდეგ შეძენილი კადრი „ქართული ოცნებისთვის“.

N10 მაია ბითაძე- სამართლის დოქტორი. კახა კალაძის მოადგილე თბილისის მერიაში.

N13 ვიქტორ სანიკიძე - საკალათბურთო ნაკრების 13 ნომერი და წარმატებული კალათბურთელი. საფრანგეთის თასის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. სანიკიძე საქართველოს ნაკრების ღირსებას სამ ევროპის ჩემპიონატზე იცავდა. კახა კალაძის კადრი.

N16 დავით კაჭარავა- საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებული წევრი. ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. კახა კალაძის კადრი.

N18 გიორგი ხელაშვილი - ოქსფორდსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დამფუძნებელი და აკადემიური პროგრამების დირექტორი, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

N20 ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი. კახა კალაძის კადრი.

მოკლედ, ჩვენი წყაროს აზრით, ან ღარიბაშვილმა მომავალ მთავრობაში მიიღო მინისტრის სავარძელის გარანტია, ანდაც განაწყენებული თავდაცვის მინისტრი ამ არჩევნებში თავს აღარ გაიგიჟებს და კალაძე-კობახიძის დადებულ შედეგებს დაელოდება, სამომავლო სვლისთვის.