"თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
"თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

18:20 13/09/2020

 "თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ბექა კოკაიას თქმით, სტუდენტის ინფიცირების პირველწყარო დადგენილია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტში სწავლის პროცესი დისტანციურად გრძელდება.

"სწავლა დავიწყეთ ერთი კვირით ადრე, ყოველ წელს ასე ვაკეთებთ. უსაფრთხოების ყველა სტანდარტს რადგან ვაკმაყოფილებდით, მოგვცეს ნებართვა, დაგვეწყო სწავლა. სიცხეს ვუზომავდით ყველა შემომსვლელს და ინფიცირებულ სტუდენტს შემოწმებისას სიმპტომები არ აღმოაჩნდა. ის ბოლოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა ხუთშაბათს და სიმპტომები გამოუვლინდა გვიან ღამით, რის შემდეგაც დაურეკა დეკანს და შეატყობინა. გამოვკითხეთ, რომელ სტუდენტებთან ჰქონდა შეხება და ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, რადგან სრული დატვირთვით სწავლა იწყებოდა 15 სექტემბრიდან. ყველა კონტაქტს დავურეკეთ, გავაფრთხილეთ და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში, ჩაიტარეს ტესტი, თუმცა ჯერ პასუხი არ არის ცნობილი. იმ ფლიგელს, სადაც ეს სტუდენტი იმყოფებოდა, ჩაუტარდა დეზინფექცია. საკმაოდ ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროის განმავლობაში ეკეთა პირბადე. ახლა გადავედით ონლაინ რეჟიმზე, სტუდენტები აღარ დადიან უნივერსიტეტში, მაგრამ სრული დეზინფექცია მაინც ჩატარდა. ეპიდემიოლოგებს სტუდენტის ინფიცირების წყარო დადგენილი აქვთ“, – განაცხადა კოკაიამ.