პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებების განხილვას იწყებს
პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებების განხილვას იწყებს

A+ A-

10:45 16/09/2020

საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეიდან იწყებს.

ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს – უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება.

კანონპროექტზე დეპუტატები პირველი მოსმენით ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ კანონპროექტზე, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შემდგომ დამტკიცებას იმ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რაც გასცა ვენეციის კომისიამ, უკავშირდება დასაბუთების საკითხს, კონკრეტული მონაწილის მხრიდან გასაჩივრების საკითხს, დაკავშირებულია კენჭისყრის ფარულობასთან თუ მის ღიაობასთან. შესაბამისად, ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვენეციის კომისია საუბრობდა. გვაქვს რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების შესაბამისად არის ეს კანონპროექტი შემუშავებული და ითვალისწინებს, როგორც გასაჩივრების პროცედურას, ასევე დასაბუთებას. ასევე, მსჯელობა უნდა იყოს, ეს პროცესი ღია უნდა იყოს თუ ფარული. ამის შესახებ ალბათ მოგვიწევს კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.​