"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი არჩევნებია"
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი არჩევნებია"

A+ A-

16:39 18/09/2020

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „2020NEWS“  ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა. როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ არსებულ ვითარებას?

- თქვენ ცხადია წინასაარჩევნო გარემოს გულისხმობთ. წინასაარჩევნო ატმოსფერო სასიამონოდ მშვიდია.  ამას ხედავს და ადასტურებს ყველა ობიექტური დამკვირვებელი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი. ეს დიდ წილად საქართველოს სამთავრობო გუნდის  დამსახურებაა. "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფების დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ ვხედათ მათთვის ესოდენ სასურველ, საქართველოსთვის კი ძალიან საზიანო ისტერიას და ქაოსს. გარწმუნებთ, ასეთი გარემოს შენარჩუნება ძალიან დაუფასდება მოქმედ ხელისუფლებას ქართველი ამომრჩევლისგან, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში  კი ძალიან გაზრდის ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟს.

- თქვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე გადაწყვეტილი არჩევნები უწოდეთ. რა გაძლევთ მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველს?

- დიახ, მე ვთქვი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე გადაწყვეტილი არჩევნებია და  ამას  კიდევ დარწმუნებით გავიმეორებ. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებით არის განპირობებული: ამ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობის სახით გააჩნია კაბინეტი, რომელიც ხელმძღვანელობს და რაც მთავარი საქმით ამტკიცებს სლოგანს -“კომპეტენცია, სტაბილურობა განვითარება“.

უმნიშვნელოვანესია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ყველამ მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცის, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ სიტუაციაში ეს კაცი როგორც შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, ძალიან სერიოზული საერთაშორისო გავლენის და კავშირების მატარებელია,  ცხადია ასევე მძლავრი ფინანსური რესურსების მქონე, რომლის ინვესტირებას ის დაუყვედრებლად დებს საქართველოს ეკონომიკაში და  სოციალურ სფეროში. ასევე მმართველი გუნდის მიერ ადამიანზე ორიენტირებული ეფექტიანი და გულწრფელი პოლიტიკის გატარებამ პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, გამოძახილი ნახა ჩვენს ამომრჩეველში. რაც დამეთანხმებით უმნიშვნელო ფაქტორი არ არის.  გარდა ამის, არჩევნების ბედი არჩვენებამდე გადაწყვიტა და დიდ წილადაც, ოპოზიციის უუნარობამ, უიდეობამ, მძიმე მე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში ბინძურმა წარსულმა, ახალი სახეების არ და ვერ გამოჩენამ მათ შემადგენლობაში. ჩვენი ამომრჩეველი  ე.წ. ძირითადი პოლიტიკური ოპოზიციისგან ისტერიის, ქაოსის და პერსპექტივაში ახალი უმძიმესი დანაშაულებების გარდა არაფერს ელის. საბედნიეროდ, ეს შეფასება მთლიანად სრულ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას თუ სპექტრს არ ეკუთვნის, მაგრამ ფაქტია, ვერც ეფემერულად გაერთიანებული და ვერც მითუმეტეს ცალკე, დღეისათვის ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კონკურენცის ვერ გაუწევს. ეს ქვეყნისთის სრულებით არ მიმაჩნია სასარგებლოდ, მაგრამ როგორც იტყვიან, გვაქვს ის, რაც გვაქვს.

- თქვენი დაკვირვებით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მორიგ მცდელობას და როგორ შეაფასებდით მის როლს ოქტომბრის არჩევნებში?

- ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის მორიგი  უკვე მერამდენე დაბრუნების მცდელობა, გადაჭრით უარყოფითი შედეგის მომტანია. არა იმიტომ, რომ მე ან ნებისმიერი  „ქართული ოცნების“  მხარდამჭერი ამაში არსებული მმართველი ძალისთვის თუნდაც რაიმე საფრთხეს ვხედავდეთ.  ამ კუთხით თუ შევხედავთ, პირიქით მისი ვირტუალური გამოჩენები სასარგებლოა. ეს მობილიზაციას უკეთებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბელ ამომრჩეველს და იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უკმაყოფილოა მმართველი ძალით. სააკაშვილის ფაქტორი ძალიან უარყოფითია ორი ძირითადი მიზეზის გამო: ეს არის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფაქტორები. საერთაშორისო პოლიტიკაში და ავტორიტეტულ პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილი  დისკრედიტირებულია და გაშიფრულია. მისი განაცხადები იმის თაობაზე, რომ ის კიდევ რაიმე პრეტენზიას აცხადებს როლი ითამაშოს ქართულ პოლიტიკაში, უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟზე. მეორე და ბევრად უარყოფითი არის ის, რომ ეს კაცი აფერხებს და სამწუხაროდ, ხელს უშლის ქართული პოლიტიკური ოპოზიციის განვითარებას. და ეს მაშინ როდესაც ქართულ პოლიტიკას და სახელმწიფოს ძალიან ესაჭიროება საქმიანი, კომპეტენტური და ქმედითი  ოპოზიცია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ყველაზე სამარცხვინო და დამნაშავე პერსონასაც უკვე გადაჭრით სათანადო ადგილს მიუჩენს.

- გადავიდეთ მმართველ პარტიაზე: არ არის დამალული თქვენი საკმაოდ ახლო ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“. რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა კიდევ ოთხი წლით ბიძინა ივანიშვილი?

- კი ბატონო,  ჩემთვისაც და მრავალი ადამინიასთვის მნიშვნელოვანი კითხვაა. დავიწყებ იმით, რომ  სკოლის მერხიდან ანუ პრაქტიკულად მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე ვიყავი. „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან გავხდი ამ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, ვინაიდან ვთვლიდი და დღესაც ასე ვთვლი, რომ ამ პოლიტიკურ ძალას შეეძლო ჯერ უსისხლოდ დაესრულებინა სამარცხვინო რეჟიმი და შემდგომ კი არ დაეშვა მისი ხელისუფლებაში მობრუნება. ცხადია ეს სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ მე ან მრავალი ჩვენი მოქალაქე ბრმად და უპირობოდ ვიღებდით ან მივიღებთ იმას რასაც აკეთებს ან სამწუხაროდ, ვერ აკეთებს  „ქართული ოცნება“. რაც არ მომწონდა ან მიუღებელი იყო, ან იქნება ჩემთვისაც და ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელი  ყოველთვის საჯაროდ და ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ არა ერთხელ განმიცხადებია და კიდევაც მზად ვარ ამისთვის. ეს რაც შეეხება კითხის პირველ ნაწილს, მთავარი თუ რატომ უნდა აირჩიოს ქართველმა ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ოთხი წლით? მე ასე ვიტყოდი ბიძინა ივანიშვილი არ უნდა აირჩიონ, ეს კაცი უკვე იყო არჩეული და უარი თქვა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის საქმეები, რომელიც ამ ადამიანს აქვს გაკეთებული, რომელსაც ახლაც აკეთებს და კიდევ გააკეთებს თავის თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა შორისაც ცხადია, გამოვყოფდი პრემიერ გიორგი გახარიას.  ქვეყნის აღდგენილი საერთაშორისო ავტორიტეტი და კურსი: „კომპეტენცია, სტაბილურობა, განვითარება“, რომელშიც მთავარი ადამიანია. ეს ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის ლიტონი სიტყვები არ არის. და ბოლოს „ქართული ოცნება"  და ივანიშვილი დღესაც რჩება  „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის მთავარ ბარიერად.

- თქვენი აზრით, ე.წ .ახალი სახეებს, რომლებსაც არავინ იცნობს საერთოდ, რა პოზიტივი შეუძლია მოუტანონ „ქართულ ოცნებას“?

- ე.წ. „ახალი სახეები“ იმიტომ არიან ახალი სახეები, რომ ქართულ პოლიტიკაში ისინი ამ ეტაპზე ახლა შემოდიან. ეს ადამიანები  დამეთანხმებით, თავის  სფეროში წარმატებული ადამიანები არიან. იმედი მაქვს, ასეთივე წარმატებულები იქნებიან ახალ ამპლუაში. ბევრი ახალი ადამიანი, რომელიც  პარტიულ სიაში იქნება,  ჩემი ახლო მეგობარია. მე მათ მრავალ წარმატებას ვუსურვებ პოლიტიკაშიც.

- თქვენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი  მთავარი არაფორმალური  სახე იყავით მმართველი გუნდის, რა გეგმები გაქვთ ამ ეტაპზე, იქნებით მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში?

- საკმაოდ დიდი ხანია, საზოგადოებრივად აქტიური ვიყავი და ასეთად ალბათ, რაღაც დროით კიდევ მომიწევს დარჩენა. ეს ჩემი პროფესიით არის განპირობებული. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გეგმები მოკლე ეტაპზე უცვლელია,  „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფების რევანშის მცდელობის არ დაშვებაა. რაც შეეხება ხანგრძლივ გეგმებს, ბუნებრივია, უკავშირდება იმ ცენტრის განვითარებას რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს და ჩემთვის ისეთ ახალ ძალიან საინტერესო სფეროს როგორიც არის ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცება. რაც შეეხება ჩემი   საპარლამენტო სიაში ყოფნას ან არ ყოფნას, ეს მხოლოდ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადასაწყვეტი და შემოსათავაზებელია. სად ვიქნები ამ ეტაპზე ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მიზანი მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებაა.