პოლიტიკოსი ქალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღების, გავრცელებისა და შანტაჟის წინააღმდეგ ერთიანდებიან
პოლიტიკოსი ქალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღების, გავრცელებისა და შანტაჟის წინააღმდეგ ერთიანდებიან

A+ A-

12:01 19/09/2020

პოლიტიკოსი ქალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღების, გავრცელებისა და შანტაჟის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამასთან დაკავშირებით, მათ ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის ახალ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

პოლიტიკოსი ქალები სახელმწიფოსა და ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებენ, მსგავს დანაშაულებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ.

„ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება, ასევე კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.

პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.

ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით.

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები მოვუწოდებთ სახელმწიფოს და ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ და მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ერთობლივ მემორანდუმს ხელს აწერენ: თეონა ჭალიძე, ანა ბიბილაშვილი, თინა ბოკუჩავა, ანა კობახიძე, თამარ ხულორდავა, ხატია დეკანოიძე, თამთა შამათავა, ირინა ფრუიძე, ლანა გალდავა, ნანა ტოხვაძე, მედეა მეტრეველი, ანი მიროტაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე,
ეკა ბესელია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩუგოშვილი.