გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით "დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო" შეიქმნება
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით "დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო" შეიქმნება

A+ A-

14:15 19/09/2020

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას" შორის დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
 
პროექტის მიზანია ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების  ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები ქვეყნის მასშტაბით ყველა  საგანმანათლებლო  რესურსცენტრს და  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებას უფასოდ გადაეცემა.

პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს  თანამშრომლობით და მხარდაჭერით ხორციელდება.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების  სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ადმინისტრატორებს.