არჩევნები... არჩევნები... 1917 წლის 30 ივლისი
არჩევნები... არჩევნები... 1917 წლის  30 ივლისი

A+ A-

11:08 28/10/2020

 1919 წლის  დამფუძნებელი კრების არჩევნები ითვლება  დამოუკიდებელი საქართველოს  პირველ დემოკრატიულ არჩევნებად, თუმცა მას უსწრებდა  რეპეტიცია -1917 წლის  ქალაქის სათათბიროს არჩევნები.  „ამხანაგებო და მოქალაქენო! გახსოვდეთ, რომ ახლა წყდება ქალაქის ბედი, გახსოვდეთ, რომ ახლანდელ საქალაქო არჩევნებს გავლენა ექნება მომავალ დამფუძნებელი კრების არჩევნებზე...ქალაქის არჩევნები ამ თავისუფალ დროს არის გენერალური რეპეტიცია დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის.“ არჩევნების მნიშვნელობას , პირველი დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობას ყველა კარგად ხვდებოდა და   ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად , ქალაქი  გრანდიოზულად ემზადებოდა ამ მოვლენისათვის- 1917 წლის 30 ივლისისათვის. „ჭაღარა თბილისის  ქუჩები და ეზოები არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა.... ყველა სახლის კედელი, ბოძი,, ტრამვაის ყველა ვაგონი, ყველა ავტომობილი,ეტლი და საერთოდ ყველაფერი მორთული იყო პლაკატებით...ფედერალისტებს ორიგინალობა გამოუჩენიათ , დროშებიან-პლაკატებიან ეტლისათვის , რაშიდაც „დამა-კავალერიც“  სხედან , სამი ქართველი და ერთი უკრაინელი მხედარი გაუყოლებიათ და მაყურებელს ვორონცოვების (იგულისხმება  მეფისნაცვალი) ქუჩაში გავლის სურათს აგონებენ... ქუჩაში მიდის დიდი საბარგო ავტომობილი , რომელზედაც აღმართულია უსახურავო თავღია ოთახი , რომლის კედლებზედაც დიდრონი ასოებით მოუწოდებენ, ხმა მიეცით პირველ ნომერსო.... მოძრავი ოთახი ყველა მოხდენილ ადგილზე ჩერდება, უცდის ხალხის შეკრებას , რომ მოწოდებები გაავრცელოს, აგიტატორი ლაპარაკობს“ -  წერდა გაზეთი „ ერთობა“

არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობდა ; ახალ სათათბიროში სამი ძირითადი ფრაქცია ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატების, დაშნაკების და ესერების. იმავე წლის 7 აგვისტოს, სათათბიროს პირველ სხდომაზე სათათბიროს თავჯდომარედ ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი, რომელიც დეკემბერში შეცვალა ალექსანდრე ლომთათიძემ.

 მართალია, წინა საარჩევნო დაპირებების  შესრულება რომ რეალური არ იყო ამომრჩეველმაც იცოდა და ამოსარჩევმაც მაგრამ ეს იყო  პირველი დემოკრატიული არჩევნები და ქალაქის ხელმძღვანელობა  გრძნობდა ამ პასუხისმგებლობას  და პირველ ეტაპზე მაინც მოახერხეს პირობების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი  ღონისძიებების გატარება.

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ