გვამებია გადანახული, ბათუმს წააგებენ, იმიტომ დაგვასახელა, ხალხი გამოვა გარეთ! - აჭარის პასუხი კობახიძეს
გვამებია გადანახული, ბათუმს წააგებენ, იმიტომ დაგვასახელა, ხალხი გამოვა გარეთ! - აჭარის პასუხი კობახიძეს

A+ A-

14:52 28/10/2020

ოპოზიციამ საბურავები შეიძინა, დიდი კარვები და აგრეთვე გვამები აქვს გადანახული ბარიკაების მოსაწყობად. ბათუმი წაგებული აქვთ, იმტომ დაგვასახელეს, ესაა ირაკლი კობახიძის არასერიოზული განცხადების არასერიოზული პასუხი. ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მირდატ ქამადაძე "2020NEWS"-თან საუბრისას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომლის მიხედვითაც ოპოზიცია არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობას ფიქრობს და ვანო მერაბიშვილს ე.წ. „რევოლუციური შტაბი“ აქვს შექმნილი.

ამასთანავე ქამადაძე აცხადებს, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაშც კი ხალხი, რომელსაც ხელისუფლებაში კობახიძისნაირების დატოვების უფრო ეშინია, ვიდრე კორონავირუსის, მაინც გამოვა გარეთ!

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ვერავინ აუჯანყდება, რადგან ერთადერთი რამ, რისი გამოხატვაც მის მიმართ არის შესაძლებელი, ეს თანაგრძნობაა.

"ოპოზიციამ საბურავები შეიძინა, კარვებითა და აგრეთვე გადანახული გვამებით აპირებს ბარიკადების მოწყობას.

ირაკლი კობახიძეს როგორ შეიძლება ვინმე აუჯანყდეს? ერთადერთი რამ, რისი გამოხატვაც არის მის მიმართ შესაძლებელი, ეს თანაგრძნობაა.

არასერიოზულ განცხადებებს სწორედ არასერიოზულად უნდა უპასუხო.

რა უნდა ახლა კობახიძეს,  გამოვიდეთ და ვამტკიცოთ, რომ საბურავები არ შეგვიძენია და გადატრიალებას არ ვაპირებთ? მან იმიტომ დაასახელა ეს რეგიონები, რომ იცის უპირობოდ წაგებულები არიან, ამიტომაც დაგვასახელა", - განაცხადა ქამადაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, ბათუმის აქციამ აჩვენა, რომ ირაკლი კობახიძისნაირი ხელისუფლების დარჩენა უფრო აშინებს ხალხს, ვიდრე კორონავირუსი, ამიტომაც გამოვიდა ამდენი ადამიანი აქციაზე.

"საზოგადოებას ირაკლი კობახიძისნაირი ხელისუფლების დარჩენა უფრო აშინებს, ვიდრე კორონავირუსი, ამიტომაც გამოვიდა ამდენი ადამიანი აქციაზე ბათუმში.

მისი ჭკუით, დარტყმა მოგვაყენა ამ განცხადებით, მაგრამ საზოგადოება მშვენივრად ხვდება კარგსა და ცუდს.

"ლოკდაუნის" გამოცხადებას ველოდები ხელისუფლებისგან, სწორედ ამიტომაც იყენებს კორონავირუსის ბოლო პერიოდის ზრდას.

ცდილობენ,  ინფიცირების შემთხვევების ზრდა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენონ. თუმცა საზოგადოება არ დაემორჩილება მათ და მაინც გამოვლენ გარეთ. საზოგადოებას შიმშილის და ამ ხელისუფლების უფრო ეშინია, ვიდრე კორონავირუსის, ამიტომაც რაც არ უნდა ჩაკეტონ ხალხი მაინც გამოვა გარეთ!", - ამბობს ქამადაძე. ქამადაძის თქმითვე, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს და 31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება მთავრობა. 

"ისინი ვერ შეძლებენ ამ არჩევნების გაყალბებას, რადგან უამრავი ახალი ტექნიკა არსებობს, რომელიც სახეზე ცნობს ადამიანს და შეუძლებელია მისი მოტყუება.

31 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება მთავრობა, ამას კი ის საზოგადოება შეძლებს, რომელმაც მშვენივრად იცის თეთრის და შავის გარჩევა". - განაცხადა ქამადაძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის განსაკუთრებულ აქცენტებს მარნეულზე, ბოლნისზე, დმანისზე, ბათუმზე, ზუგდიდსა და გლდანზე  აკეთება. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა არეულობის მცდელობისთვის შემსრულებლების უმკაცრესი დასჯა დააანონსა.

ხატია მამულია