"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს არეულობისთვის ემზადება - მამუკა მდინარაძე
"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს არეულობისთვის ემზადება - მამუკა მდინარაძე

A+ A-

16:07 28/10/2020

"ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა, აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში, ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების ნაცვლად აქციებისა და არეულობებისთვის ემზადება. ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის.

„როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნებიან ჩართული, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით, ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება. ფაქტია, ამ პარტიას არჩევნებში ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად, სხვა სახის დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას, კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი. თითოეული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებითვე, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. დღეს კი, მდინარაძის თქმით, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომელიც ეხება ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას.

კერძოდ, მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ გვერდი, 20 ფეისბუქ ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ ექაუნთი და ბოტი.

„გუშინ ამავე დარბაზში ჩატარდა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო ე.წ. დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ ნახეთ, პარადოქსული იყო მათი პასუხები. აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდნენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ თურმე არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა, პრაქტიკულად, მათი პასუხების საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო, რადგან ისინი ამბობენ, რომ ამის კანონიერი უფლება აქვთ და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
მართალია, მაგრამ ისინი ვერასდროს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები, ისინი ყოველთვის იქნებიან ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის მკეთებელნი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ისინი ვამხილეთ, რათა ვერ შეძლონ პირველი – ქართული საზოგადოების და მეორე – ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა.
ამ მხილებით ვუზრუნველყავით ის, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი, რომ რომელიმე მათი ტენდენციური, მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნების დღეს შედგება. ამ მავნებლური სქემის, რბილად რომ ვთქვათ, მათი სუბიექტური იდეების განხორციელების გზის და სისტემის შესახებ მინდა მოგითხროთ.

მე წარმოგიდგენთ ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას, რომელიც ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.
სოცქსელის რესურსები და სისტემა, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რამდენიმე დანაყოფს, აქ გამოვლინდა ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე „ფეისბუქ“ გვერდი. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმეს გეტყვით: ჰაჰა ნიუსი, დრო მიდის, კადრები კი რჩება, Миша Вернись – მიშა დაბრუნდი, გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, ანტი-ქოცი, ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, political (მემეზ და ა.შ.) არის 20 მსხვილი „ფეისბუქ“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს 330 000-მდე მომხმარებელს. არის 1 500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ფეიკ ექაუნთი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას, დეტალურს და უფრო ჩაშლის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, არსებობენ ნამდვილი სპიკერებიც, რომლებიც ამ სქემაში არიან ჩართული.

„არსებობენ ნამდვილი სპიკერები, რეალური ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ სქემაში არიან თავიდან ბოლომდე, გეგმაზომიერად ჩართულები და საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის კოორდინირებულ და არაავთენტურ ქცევასთან, რომელსაც ებრძვის „ფეისბუქი“ და „ფეისბუქი“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას.

რაზე მუშაობს ჩემ მიერ ჩამოთვლილი ამ სისტემის ყველა რგოლი – პირველი, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაცია, მეორე არის ყალბი ამბების გავრცელება და მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ფეიკების შექმნა, კორონავირუსთან დაკავშირებული მენეჯმენტის დისკრედიტირება, ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ მოიცავს სიძულვილის ენას, სექსიზმს და ა.შ. პანდემიის თემით მანიპულირება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ე.წ. გაშავება ამ სისტემის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ.საამისოდ შექმნილია სხვადასხვა კონტენტი.

ფეიკ ნიუსების გავრცელება – „ბიძინა ივანიშვილის სამ მილიონიანი ბუნკერი, რატომ აშენებს ოლიგარქი საიდუმლო გვირაბს?“ ეს არ იყო არა მხოლოდ „ფეისბუქ“ კონტენტი, ეს იყო „მთავარი არხის“, „ნაცმოძრაობის“ ერთი ორი ტელევიზიის მიერ შექმნილი კონტენტი. ავტორი ამ შემთხვევაში გახლდათ ლევან ხაბეიშვილი. ეს კონტენტი აბსოლუტურად ერთდროულად ჩაიშალა იმ სისტემაში, რომელზეც გესაუბრებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.