როდის მოიგებდა მიშა და წააგებდა ბიძინა ? - 2020-ის ფსიქორობოტი: ასიმეტრიული ორპოლუსიანობა და მახსოვრობის რეაქცია
როდის მოიგებდა მიშა და წააგებდა ბიძინა ? - 2020-ის ფსიქორობოტი: ასიმეტრიული ორპოლუსიანობა და მახსოვრობის რეაქცია

A+ A-

17:21 28/10/2020

რა შეცდომები დაუშვეს ოპოზიციურმა პარტიებმა მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობით, რატომ მოუწევს ქართველ ხალხს ისევ „უგემური კერძით“ დაკმაყოფილება და რა არის „ქართული ოცნების“ მთავარი ნაკლი ან კოზირი? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არჩევნებამდე სამი „ტოქსიკური“ დღით ადრე ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “2020NEWS”-ესაუბრა.

საყვარელიძემ, ფაქტობრივად, სააგენტოსთან საუბრისას შექმნა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდის ფსიქორობოტი - პარტიებს კი 3 ტოქსიკური დღე აქვთ, მესიჯები გაასწორონ ამომრჩევლებზე.

თქვენი შეფასებით, ეს არჩევნები ისევ ორპოლუსიანობის ვითარებაში ჩაივლის, თუ უკვე სხვა პოლიტიკური აქტორებიც არიან სათანადოდ წარმოჩენილი?

- მე ვეყრდნობი სოციოლოგიურ გამოკვლევებს. „Survation“-ის გამოკვლევა არის ჩემთვის უფრო სანდო. ამ გამოკვლევის მიხედვით, ხელისუფლებას აქვს ისევ მაღალი რეიტინგი. მისი თითქმის ნახევარი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ უფრო დაბალი დანარჩენ პარტიებს. სიტუაცია ორპოლუსიანობის მიღმა ისევ არ გადის. თუმცა, თანაბარი ორპოლუსიანობაც არ არის. შეიძლება ითქვას, ასიმეტრიული ორპოლუსიანობა გვრჩება.

- რა არის ამ ორი დაპირისპირებული ძალის მთავარი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

- მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ძალებს შორის პროპორციული შეფარდება ანალოგიურია. „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის შემდეგ ვერცერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებს. მოსახლეობას ამ ძალის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვს არა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, არამედ იმ 9 წლის ანგარიშით, როდესაც ის იყო ხელისუფლებაში.

ამდენად, მიმდინარე კამპანიის შეფასება არაფრისმომცემი იქნება, რადგან რეაქცია ადამიანებს აქვთ თავიანთი მეხსიერებიდან გამომდინარე.

ყველა საარჩევნო პროცესში ისევ მიშაწამყვანი ფიგურა, ისევ ძველი სახეები რჩება პარტიაში. თუ არაფერი შეცვალა პარტიამ, მისდამი დამოკიდებულებაც არ იცვლება. შედეგად, ამომრჩევლის განსხვავებულ შედეგსაც არ უნდა ელოდონ. 

რაც შეეხება მოქმედ ძალას, მასაც საკმარისი დრო ქონდა, როგორც შეცდომების დასაშვებად, ასევე რამის გასაკეთებლად. აქვს მას შანსი ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის?

- რომ გამოჩენილიყო მეტ-ნალებად ეფექტური, შედეგიანი ალტერნატივა, ნამდვილად დაკარგავდა ეს ძალა ხელისუფლებას. უკმაყოფილება მის მიმართ ძალიან დიდია და სავსებით სამართლიანიც, მაგრამ ალტერნატივა ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის მიმართ პრეტენზიები უფრო დიდია.

სიტუაცია ასე ხომ არ არის, თუ არ მომწონს არავინ, მაშინ არავინ იქნება ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში ვიღაც უნდა იყოს. შეიძლება ადამიანმა უგემური კერძი აირჩიოს, თუკი მასზე გემრიელი სხვა არაფერია.

თქვენ ბრძნეთ, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არის. სად დაუშვა მმართველმა ძალამ და ბიძინა ივანიშვილმა შეცდომები?

- უპირველესად მმართველ ძალას აკრიტიკებენ იმაში, რომ მან არ შეასრულა დაპირებები. მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. შეიქმნა კოჰაბიტაციის მექანიზმი, ხშირი იყო ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის კადრების დაწინაურების ფაქტები, რამაც პირველი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამას მოყვა ადმინისტრაციული რესურსის უსუსურობა, მოუწესრიგებლობა მთელ რიგ საკითხებში, რამაც ხალხი აალაპარაკა კორუფციაზე. (ამბობენ, თორემ მე თვითონ არ შემხვედრია) ეკონომიკის ასევე უხერხემლო მართვა, რამაც პრობლემები შეუქმნა ქვეყანას.

მთავრობამ ერთადერთი ეფექტურობა გამოავლინა კოვიდის კონტროლის დროს და ისეც მეორე ტალღაზე ხელიდან გაექცა, შედეგად, მძიმე სურათი მივიღეთ. ასე რომ, უკმაყოფილების მიზეზები არსებობს.

- „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მას 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, თქვენ რა შედეგს ელოდებით?

- როგორც მოგახსენეთ, სერვეიშენის კვლევებს ვენდობი. მისი შედეგებით, 55 % აქვს „ქართულ ოცნებას“, 10 %-ით ნაკლები რომ მიიღოს, მთავრობის ფორმირებას მაინც შეძლებს.

რომ შეეცვალა „ნაციონალურ მოძრაობას“, ან სხვა პარტიებს რიტორიკა, სახეები. სიახლე შეთავაზებინათ ამომრჩევლისათვის, მაშინ მოსალოდნელი იყო ამომრჩევლის სხვაგვარი ქმედება.

- რას იტყვით „სტრატეგია აღმაშენებელზე“ „ლელოზე“, სადაც პოლიტიკისათვის ახალი სახეები არიან?

- „ლელოს“ უფრო მეტი შანსი აქვს, რადგან მთლიანად ახალი სახეები ყავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ არის ახალი სახე, ოღონდ „ლელოსა“ და ვაშაძესაც რიტორიკაში აქვთ მომენტი, რაც მათ ამომრჩეველს მეტ-ნაკლებად დააფრთხობს.

ესაა გარკვეული ლოიალურობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ოპოზიცია ადექვატურად რომ არ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ესაა მათი პრობლემა.

მგონი, ლელოს შესახებ ეს ნაკლებად ითქმის

- „ლელოს“ რომ მოეხერხებინა პროპორციის დაცვა, რეალურადს შუაში ყოფილიყო, კრიტიკული იქნებოდა, როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ. “ლელო“ მთლიანად იყო გადართული „ოცნების“ კრიტიკაზე, ამიტომ ვერ მოახერხა მესამე პოლუსის დაკავება, თორემ ყველა ანალიტიკოსს ქონდა იმის მოლოდინი, რომ „ლელო“ იქნებოდა მესამე ალტერნატივა, რაც როგორც ჩანს, არ გამოუვიდა.

ირინა მაკარიძე