"ლელო" გაისტუმრებს ახლანდელ ხელისუფლებას და არ მოუშვებს ძველს ქვეყნის სათავეში - მამუკა ხაზარაძე
"ლელო" გაისტუმრებს ახლანდელ ხელისუფლებას და არ მოუშვებს ძველს ქვეყნის სათავეში - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

19:22 28/10/2020

ჩაკეტილი წრე დასრულდება 3 დღეში! შენი ხმა გადამწყვეტია! „ლელო“ ეს არის გუნდი, რომელიც გაისტუმრებს ახლანდელ ხელისუფლებას. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელიც არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში. ეს არის გუნდი, რომელიც დააყენებს ქვეყანას ფეხზე. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ დაამარცხებს ქართველი ამომრჩევლის ყველაზე დიდ მტერს - ნიჰილიზმს.

„ბოდიში, რომ არ ვდგავარ თქვენს გვერდით, მაგრამ როგორც ბევრი ათასი ადამიანი, ვებრძვი კოვიდს. თუმცა, ერთი წამით არ შემიჩერებია პოლიტიკური მუშაობა იმისთვის, რომ შევცვალო ის სიტუაცია, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და ჩავაბარო წარსულს. ეს დამთავრდება 3 დღეში.

29 წელი ქართულმა საზოგადოებამ გაატარა დაპირისპირების, შუღლის, ომის, გათითოკაცოების მდგომარეობაში, მაშინ, როცა ჩვენი ენერგია უნდა მიგვემართა ტექნოლოგიური რევოლუციებისკენ, განათლების სისტემის გაჯანსაღებისკენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი, რომელიც თითოეულ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ერთი ხმით შექმნას და საქართველო გამარჯვებისკენ წაიყვანოს.

„ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი, დიდი შანსი. შენ შეგიძლია ის წაიყვანო გამარჯვებისკენ. შენს გადაწყვეტილებაზე, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გამარჯვება.

შენი ერთი ხმა შეცვლის ყველაფერს, დაამარცხებს ჩვენს ყველაზე დიდი მტერს - ეს არის  ნიჰილიზმი -  არაფერი არ შეიცვლება.

შეიცვლება, თუ ჩავიხედავთ გულში და ვიტყვით,  ჩემი ერთი ხმა შეცვლის ქვეყანას, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების მომავალს“, - ასე მოუწოდა ხაზარაძემ ამომრჩევლებს არჩევნებში მისვლიკენ და ჯანსაღი არჩევანის გაკეთებისკენ.

„ლელოს“ ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პარტია რევანშისთვის არ შეიქმნა, მაგრამ ხელისუფლებაში არც „ქართულ ოცნებას“ დატოვებს და არც ძველს - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუშვებს.

„ლელო" არ შეიქმნა რევანშისთვის. ლელო შეიქმნა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს გამარჯვების გზაზე 4 წელიწადში.

„ლელო“ ეს არის გუნდი, რომელიც გაისტუმრებს ახლანდელ ხელისუფლებას. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელიც არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში. ეს არის გუნდი, რომელიც დააყენებს ქვეყანას ფეხზე.

ჩვენ სწორედ ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. შენი ხმა გადამწყვეტია, არ დაჯდე სახლში, არ უთხრა უარი შენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძის ოჯახიც გამოჩნდა. მისი მეუღლე და 4 შვილი კოვიდინფიცირებული პოლიტიკოსის ნაცვლად ესწრებოდნენ ხალხმრავალ შეკრებას.

შეგახსენებთ, საქართველოში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. „ლელო საქართველოსთვის“ ამ არჩევნებში 56 ნომრით იბრძოლებს.