რა ხდება პანკისის ხეობაში: გვარები "ოცნების" ხმებზე პატიმარი ახალგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ მუშაობენ
რა ხდება პანკისის ხეობაში: გვარები "ოცნების" ხმებზე პატიმარი ახალგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ მუშაობენ

A+ A-

14:16 29/10/2020

ერთი კვირაა, პანკისის ხეობაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ამასთან, შეიცვალა - მოსყიდვით. რამდენიმე გვარი უკვე მუშაობს, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმა მივცემთ, შვილებს პატიმრობიდან გაგვითავისუფლებენო. ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული ემირლან მაჩლიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „2020NEWS“- ს ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად იყენებს ხალხის გაჭირვებას. მმართველი პარტია ეთნიკური ქისტებით დასახლებულ რეგიონში მოსყიდვით, დაშინებითა და პატიმრობიდან ახალგაზრდების გათავისუფლების დაპირებებით ცდილობს საარჩევნო ხმების მობილიზებას.

„პანკისის ხეობაში ერთი კვირაა, რაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამასთან, შეიცვალა კიდეც, თუ აქამდე „ოცნებას“ არანაირი შანსი არ ქონდა არჩევნებში გამარჯვების, დაიწყეს მოსყიდვები, ფულების გადახდა, ადამიანების დაშინება, რამაც სიტუაცია შეცვალა. იყენებენ დაკავებული ახალგაზრდების საკითხს.

რამდენიმე გვარი უკვე მუშაობს, „ოცნებას“ ხმას თუ მივცემთ, ჩვენ შვილებს ციხიდან გამოუშვებენო. ეს ბავშვები უდანაშაულოდ არიან დაჭერილები. მე ადრეც ვთქვი, რომ ამ უდანაშაულო ბავშვებს საარჩევნოდ გამოიყენებდნენ და მათი ციხიდან გამოშვებით ივაჭრებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ასე ხდება ზუსტად.

გარდა ამისა, აქ სოციალურად დაუცველი ძალიან ბევრი ადამიანია. აშინებენ მათ სოციალური დახმარების მოხსნით. საბავშვო ბაღებში და სკოლებში თნამშრომლებზე ზეწოლები მიდის. ჩვენთან არის სოფელიწინუბანი“, რომლის მაცხოვრებელთა 92% „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო განწყობილი.

ახმეტიდან სოციალური დახმარების სააგენტოს უფროსი ამოიყვანეს. სოფელ დუისის რწმუნებულმა სოციალური დახმარების მიმღებთა სიაში თითქმის მთელი სოფელი ჩაწერა, იმ პირობით, რომ ისინი არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.

ასეთი სამწუხარო ფაქტია, ახლა გარბიან, ყველა იქ მიდის სოციალური დახმარების სიაში ჩასაწერად...

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ხალხის გაჭირვებას იყენებს ხმების მისაღებად. ყველაფერზე მიდიან, რომ მოსყიდვა-დაშინების გზით, მმართველმა პარტიამ ხმები მიიღოს“,  - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ხეობაში რამდენიმე პარტია აქტიურად მუშაობს. ახალგაზრდების ერთი ნაწილი კი, რომლებიც სარწმუნოების გამო არჩევნებზე არ დადის, არც ახლა აპირებს არჩევნებზე წასვლას. თუმცა ადგილობრივების დიდი ნაწილი არჩევნებზე წავა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის და მისი ოჯახი არჩევნებზე წასვლა აპირებენ.

ამასთანავე, მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნების დღეს ხეობაში რაიმე შესაძლო დაპირისპირებასა და ექსცესს გამორიცხავს.

ცნობისთვის, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ აქ კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, „ევროპული საქართველოდან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა.

ირინა მაკარიძე