ვიცოდი, რომ მისმენენ, მაგრამ ასეთ ღია აღიარებას არ ველოდი - ჟურნალისტი გოგელია კობახიძის "მტკნარ ტყუილზე"
ვიცოდი, რომ მისმენენ, მაგრამ ასეთ ღია აღიარებას არ ველოდი - ჟურნალისტი გოგელია კობახიძის "მტკნარ ტყუილზე"

A+ A-

15:25 29/10/2020

ვიცოდი, რომ მისმენენ, მაგრამ ასეთ ღია აღიარებას არ ველოდი. აცხადებს „ტვ. პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია „2020NEWS“-თან საუბრისას., „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადების საპასუხოდ, რომ „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალიტები ჩართული არიან იმ რევოლუციურ პროცესებში, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავს.

ჟურნალისტის თქმით, მმართველი პარტია ცდილობს ტელევიზიისა და მის, როგორც ჟურნალისტის, დისკრედიტაციას, რომ არ მოხდეს რეგიონის ამბების აქტიური გაშუქება.

„ირაკლი კობახიძის განცხადება არის მიზანმიმართული ტყუილი ტელევიზიისა და პირადად, ჩემი დისკრედიტაციისათვის, რათა მაყურებელმა არ გაიგოს, რა ხდება რეგიონში, მოსყიდვების რა მცდელობები და რა დარღვევები აქვთ.

მტკნაირი სიცრუეა, რომ ეს არის ვიღაცის მიერ მოყოლილი ამბავი. ეს არის სატელეფონო საუბრის დამახინჯებული ვერსია.

ამბავი კი ასეთია - რამდენიმე დღე ვმუშაობდი სამეგრელოში, გუშინ დავბრუნდი გურიაში და როგორც ჟურნალისტი, დავუკავშირდი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის, ვესაუბრე ბესო ქათამაძეს (ნაციონალური მოძრაობიდან“) და ვკითხე: რა ხდება, სად არის დაძაბულობა?

მითხრა, რომ  დაძაბულობა იყო ჭანიეთსა და ნასაკირალში, სადაც გუშინწინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდნენ. ირაკლი კობახიძეს შეუძლია ნახოს, რომ მისი გუნდის წევრებთანაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია, „ოცნების“ ოფისშიც.

გუშინვე, სხვათაშორის, „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ხათუნა გოგირიშვილთანაც მქონდა საუბარი და „ლელოს“ კანდიდატ გიორგი სიორიძესთანაც. შესაბამისად, ჟურნალისტები ამ კითხვებს ვსვამთ ყველგან და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

ვიცოდი, რომ მისმენენ, მაგრამ ასეთ ღია აღიარებას არ ველოდი“, -განაცხადა ნატო გოგელიამ.

ის მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ყველამ იცის, რომ უსმენენ, არეულობას ტელეფონზე არავინ გეგმავს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობაიძემ დღეს განაცხადა, რომ დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული, ასევე რადიკალური პარტიული ტელევიზიები - მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“.

მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ. პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ "აპირებენ ხმაურსდა არეულობას", რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც „ტვ.პირველის“ ჟურნალიტი ნოდარ მელაძე აცხადებს, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ხელისუფლების მხრიდან „დანაშაულის წარმოუდგენელი აღიარება“. ის ჟურნალიტის უკანონო მოსმენის შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ირინა მაკარიძე