ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ! - ანი მიროტაძე
ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ! - ანი მიროტაძე

A+ A-

17:55 29/10/2020

„ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ! “ლელო“ მზად არის გამარჯვებისთვის და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ 31 ოქტომბერს“, - ასე მიმართა საკუთარ მხარდამჭერებს „ლელო საქართველოსთვის“ ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ანი მიროტაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ჭიათურაში გაიმართა.

პოლიტიკოსის თქმით, „ლელოს“ აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამაჟორიტარო ოლქიდან, თავად მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის „კომფორტის ზონიდან“ წამოიღოს მაჟორიტარის მანდატი.

 

„ჩვენ გადავლახეთ ბევრი წინააღმდეგობა და გამოწვევა. ჩვენ შევძელით და წინ აღვუდექით „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ ზეწოლებს. ჩვენ დავაბრუნეთ იმედი უიმედო მხარეში! ათასობით საჩხერელი, ჭიათურელი, ხარაგაულელი იმედის თვალით უყურებს ახალ ძალას - „ლელო საქართველოსთვის“.

ახლა აქ არიან ჩემი შვილები, თქვენი შვილები და მე ვიბრძვი, როგორც თქვენი და ჩემი შვილებისთვის, ისე ჩვენი მოწინააღმდეგეების შვილებისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი არჩევანი, ეს არის ვალდებულება და პატივიც, მივიღო და ავიღო ეს გამოწვევა. და მე ვიღებ გამოწვევას, რომ ეს მძიმე რეალობა ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევცვალო.

ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

ცნობისათვის, დღეს, საკუთარ მხარდამჭერებთან ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანი მიროტაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, 2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 2 დღე.