დღეს შემდეგი თამაშის დღეა, მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების - ლევან კობიაშვილი
დღეს შემდეგი თამაშის დღეა, მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების - ლევან კობიაშვილი

A+ A-

15:53 18/11/2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთულესი აღსაქმელი იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისათვის. კობიაშვილი დღეს ჩანიშნული მორიგი მატჩის წინ ფეხბურთელებს ამხნევებს და ნაკრების წარმატებაში დარწმუნებულია.

„ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი. მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა, შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ, ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, 18 ნოემბერს გუნდი ესტონეთის წინააღმეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გავა.

„დღეს ჩვენი გუნდი მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე. მიუხედავად მარცხისა, დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე. დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას”, - წერს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობას ჩამოშორდა. გუნდი დატოვა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმაც.