"ნაცმოძრაობის" შტაბებიდან ინფორმაცია ჟონავს, ზუგდიდსა და აჭარაში პროვოკაციას გეგმავდნენ - მამუკა მდინარაძე
"ნაცმოძრაობის" შტაბებიდან ინფორმაცია ჟონავს, ზუგდიდსა და აჭარაში პროვოკაციას გეგმავდნენ - მამუკა მდინარაძე

A+ A-

14:29 21/11/2020

ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც. ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთანავე, მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ზუგდიდსა და აჭარაში პროვოკაციას გეგმავდა. 

„ერთგან იყო მცდელობა, რომ დაემონტაჟებინათ კამერა და შორი რაკურსით გადაეღოთ 2-3 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ფულს გადასცემდნენ და შეექმნათ ფონი, თითქოს მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და ისეთი რაკურსი აეღოთ, რომ ამ ადამიანების გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. მეორე - იყო მცდელობა, რომ ერთი და იგივე ადამიანი შეეყვანათ უბანზე და ე.წ. „კარუსელის“ იმიტაცია შეექმნათ. ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ ფიქსირდებოდეს, როგორც ჩანს, ამაზეც უარი თქვეს, თუმცა, დაველოდოთ, დღის განმავლობაში არაფერია გამორიცხული. მიუხედავად მათი ამ მცდელობებისა, საქართველოში არჩევნების კიდევ ერთი ტური ჩატარდება დემოკრატიის მაღალი ხარისხით. რაც არ უნდა მოიგონონ „გაყალბების“ მაგალითები და მოატყუონ საზოგადოება, საზოგადოება ყველაფერს კარგად არჩევს და ამის დასტური იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.