კორონავირუსზე პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება
კორონავირუსზე პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება

A+ A-

14:40 24/11/2020

FDA-ამ მისცა გადაუდებელი დასტური რომ COVID19-ის სამკურნალოდ გამოიყენონ მონოკლონურ ანტისზეულებზე დამყარებული კოქტეილი, რომლითაც დონალდ ტრამპს უმკურნალეს, თუმცა ეს იქნება გამოყენებული მცირე მასშტაბით, უფრო დიდი იმედია ვაქცინა, - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე 5-მა ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კლინიკური კვლევები და რამდენიმემ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.„ერთ-ერთია „ფაიზერის“ და „ბიოენტეკის“ ვაქცინა, მეორე ასევე „მოდერნას“ ამერიკული ვაქცინა. ასევე დადასტურდა რომ „ოქსფორდის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აქვს მაღალი პრევენცია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციას დეკემბრის მეორე ნახევრიდან რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს. „მოხდება ვიწრო ჯგუფების აცრა, თუმცა უფრო ფართო ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე იქნება მომავალი წლის გაზაფხულიდან“, - აღინიშნა გამყრელიძემ.

„ყველა თანხმდება, რომ მაღალი რისკ-ჯგუფია ჩემი კოლეგები. COVID19-ზე პირველ რიგში ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალს აცრიან. იგივე ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს სამედიცინო პერსონალის აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ეს ჯგუფია. მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და ვისაც აქვს თანმხლები დაავადებები. როგორიცაა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული, როგორიცაა მოხუცებულთა სახლები, თავშესაფრები და ასე შემდეგ. “, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია.