"სამედიცინო მაფიამ ჯანდაცვის მინისტრს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა"
"სამედიცინო მაფიამ ჯანდაცვის მინისტრს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა"

A+ A-

15:39 24/11/2020

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ და მისი თანამდებობიდან განთავისუფლება უნდათ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი წერს.

მისივე თქმით არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოშლილ ჯანდაცვის მექანიზმს სწრაფად ააწყობს.

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ. ამიტომაც დანიშნეს, - მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, - ვერც მოუჭრიდნენ! ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!

რაც შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ: ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?

შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა? შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება? და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია? უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

დიახ, არავის! არ არსებობს ასეთი ადამიანი! ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს!

მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს“!- წერს სოციალურ ქსელში მძინარაშვილი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს გავრცელებას ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირებს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ უკვე ვრცელდება ინფორმაცია მედიაში.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.