დაუდასტურდათ თუ არა კორონავირუსი შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს?
დაუდასტურდათ თუ არა კორონავირუსი შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს?

A+ A-

16:36 24/11/2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაიტარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“-ს ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.

როგორც ნემსიწვერიძემ სააგენტოსთან საუბარისას განმარტა, მას შეხება ჰქონდა ერთ-ერთ ადვოკატთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და დაზღვევის მიზნით, თავადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

„დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან თვითიზოლაციაში ვიმყოფებით. ჩვენ კონტაქტი გვქონდა ერთ-ერთ ადვოკატთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მის სახელს, ბუნებრივია, ვერ გეტყვით, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციია.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადვოკატი ამ კონკრეტული ეპიზოდის შემთხვევასთან არ ფიგურირებს. ჩვენ, ყველამ, ვინც მას შევხვდით კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და ყველას პასუხი უარყოფითია“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

კითხვაზე, აქვთ თუ არა რომელიმე მათგანს ვირუსის რაიმე სიმპტომი, ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ადვოკატების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„მეც და სხვა დანარჩენი ადვოკატებიც კარგად ვართ. არანაირი სიმპტომი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, უბრალოდ, რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედეთ და ვიმყოფებით თვითიზოლაციაში“, - ამბობს ნემსიწვერიძე.

ადვოკატის თქმითვე, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის პროცესი ხუთშაბათს ჩაინიშნა.

„შემდეგი სასამართლო პროცესი ხუთშაბათს ჩაინიშნა. ჩვენ ხუთშაბათს აუცილებლად დავესწრებით პროცესს და თან წარმოვადგენთ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხებსაც“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ნემსიწვერიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო, რადგან სხდომას ბრალდებულთა ადვოკატები ვერ ესწრებოდნენ. ადვოკატებთან ერთად კოვიდინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელსაც ამ კოვიდინფიცირებულ ადვოკატთან ჰქონდა შეხება.

მარიამ მაჭარაშვილი