"ოპოზიცია აშვებინებს ხელისუფლებას დიდ შეცდომებს"
"ოპოზიცია აშვებინებს ხელისუფლებას დიდ შეცდომებს"

A+ A-

18:53 24/11/2020

დასავლეთის კრიტიკა 2020 წლის პარლამენტის ბოიკოტირების გამო, გაიზრდება. ზოგადად კი, ხშირ შემთხვევებში, სწორედ ოპოზიცია აშვებინებს ხელისუფლებას დიდ შეცდომებს: 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას მაშინდელმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, გაყალბებული არჩევნების გამო, ბოიკოტი გამოუცხადა და მანდატები პარლამენტის წინ დაჭრა.

ამავე 2008 წელს კი, საქართველოს მხოლოდ შიდა პოლიტიკური სიტუაცია არ არევია, რადგან ქვეყნის შიგნით განვითარებული კრიზისიდან მალევე, მეზობელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.

ამ ანალოგიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან მიმართებაში, “2020NEWS”-თან პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ავლებს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ რა მოხდა 2008 წელს, როდესაც შიდა პოლიტიკის დაძაბვით დაიწყო ყველაფერი. ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე და მაშინდელ ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადა. 

შიდა დაპირისპირებამ მასშტაბური სახე მიიღო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

ეს ომი, კი სწორედ იმ არეული სიტუაციიდან გამომდინარეობდა, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო.

ხშირ შემთხვევაში, სწორედ ოპოზიცია აშვებინებს ხელისუფლებას დიდ შეცდომებს.  თუკი დღევანდელი ოპოზიცია ასე განაგრძობს ბოიკოტს და პარლამენტში არ შევა, შესაძლოა, მათმა ქცევებმა ხელისუფლებას დიდი შეცდომები დააშვებინოს“, - განაცხადა საყვარელიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

პოლიტოლოგის თქმითვე, ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკას გამოიწვევს.

„საერთაშორისო პარტნიორებისგან ხელისუფლების მიმართ მეეჭვება რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას. რაც შეეხება ოპოზიციას, ადრე გაიჟღერა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ მათ მიმართ, განსაკუთრებით კი, სააკაშვილის მიმართ და კიდევ უფრო  გაიზრდება ეს კრიტიკა, თუკი ასე განაგრძობენ.

21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტი ნამდვილად ცუდია, თუმცა ეს ხელისუფლების გამო არ არის ასე. ევროპარლამენტარებიც კი მოუწოდებენ ქართულ პარტიებს კომპრომისზე წასვლისკენ და პარლამენტში მუშაობისკენ.  ვნახოთ, რა იქნება.  “. - ამბობს საყვარელიძე.

ცნობისთვის,  ევროპარლამენტის რამდენიმე წამყვანმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ და ოპოზიციურ პარტიებს კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა.

ხატია მამულია