აფხაზეთს ვკარგავთ! არ გვჭირდება ასოცირებული წევრობა! ნატოში მიგვიღეთ! - პეტრიაშვილი VS ვერშბოუ-ფრიდი
აფხაზეთს ვკარგავთ! არ გვჭირდება ასოცირებული წევრობა! ნატოში მიგვიღეთ! - პეტრიაშვილი VS ვერშბოუ-ფრიდი

A+ A-

18:00 25/11/2020

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ნიშნავს თავდაცვას, ასოცირებული წევრობა კი ამას ნამდვილად არ ნიშნავს. რუსეთი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს, ამიტომ  საქართველოს ფორმალური სტატუსები არ ჭირდება, ქვეყანას რეალური უსაფრთხოების გარანტია უნდა რუსეთისგან თავდასაცავად. „ქართული ოცნების“ არგაღიზიანების პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. თუკი აფხაზეთის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, საქართველო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთს.

ეს სკანდალური განცხადება ამერიკელი დიპლომატების, ალექსანდრ ვერბშოუსა და   დენიელ ფრიდის მხრიდან,  საქართველოსთვის  ნატოს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ,  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა „2020NEWS“ -თან საუბრისას გააკეთა.

-ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერბშოუმ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი  ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს და შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი  შეთავაზების, მაგალითად - „ასოცირებული წევრის სტატუსის“  შექმნით. რას ნიშნავს ეს სტატუსი? დაჩქარებული წესით ცდილობს დასავლეთი ნატო-საქართველოს დაახლოებას?

-ალექსანდრ ვერბშოუ ძალიან გამოცდილი და სერიოზული დიპლომატია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ასოცირებული წევრობის სტატუსი არის ახლებული მიდგომის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და მცდელობა. მან ეს, როგორც აზრი, ისე გაახმოვანა.

მისი თქმით, დასავლეთში ჯერ არ იციან, როგორ უნდა მიენიჭოს საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სტატუსი. გულწრფელად რომ გითხრათ, თუკი ეს ხელშეკრულება ისეთივე იქნება, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა ევროკაშირთან, დიდად სახარბიელო და მისაღები არ არის.

რეალურად გადაწყვეტილება და შეთანხმება უნდა განხორციელდეს ნატოს სრულფასოვან წევრობაზე.

საქართველოსთვის უმჯობესი იქნება მაპის მინიჭება, ვიდრე ასოცირებული სტატუსის მიღება.

ჩვენ ფორმალური სტატუსები არ გვჭირდება, ჩვენ გვინდა რეალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისგან თავდასაცავად.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გვაძლევენ ნატოს წევრობას პირდაპირ?

- ნატოს შიგნით, ჩვენს გაწევრიანებაზე არ არის ერთსულოვნება. იყო იქ რაღაც სახის უთანხმოება, არა მხოლოდ საქართველოს თვალსაზრისით, არამედ სხვა ქვეყნებზეც. არ ავჩქარდები, ვიდრე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სრულფასოვნად არ შეუდგება საქმეს.

მსჯელობა უფრო შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც სრულად  დაიწყებენ საქმიანობას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გერმანიაშიც იქნება კანცლერის ცვლილება მომავლ წელს და დავაკვირდეთ პროცესები როგორ განვითარდება -  როგორც გაფართოების, აგრეთვე ნატოში შიგნით ურთიერთობების მიმართულებით.

- თქვენი აზრით, საქართველოს ნატოში ასოცირებული წევრობა საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას?

- ასოცირებული წევრობა, თუკი იქნება ისეთი სახის, როგორიცაა ევროკავშირთან ასოციერბის ხელშეკრულება, მაშინ ეს რუსეთისთვის არაფრის მთქმელი ფორმულირება იქნება და მათ დამამშვიდებლადაც შესაძლოა მოვისაზროთ.

ჩვენ რუსეთს საერთოდ არ უნდა ვუყუროთ. ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა შეგვექმნას რუსეთიდან, როდესაც ყოველთვიურად ვხედავთ, რამდენ ადამიანსა და ტერიტორიას იტაცებენ?! 

საქართველოს ნატოში შესვლა იქნება გარანტია ჩვენი უსაფრთხოების, აგრეთვე  თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივად შევძლებთ თავდაცვის სფეროში თანანმშრომლობას, ანუ აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას ჩვენს ქვეყანაში.

სწორედ  ესაა ის ორი მექანიზმი, რომელიც  რუსეთისგან სრული თავდაცვის საშუალებას მოგვცემს .

- რას ნიშნავს  საქართველოს ასოცირებული წევრობა ნატოში დიპლომატიის ენაზე?

- ეს სიახლე. როგორც ვარიანტი და ვერსია, ისე გაახმოვანა ბატონმა ალექსანდრ ვერბშოუმ. ამას მოყვება განხილვები, საუბრები და მსჯელობები. უბრალოდ, ბატონი ვერბშოუდან არის მცდელობა, წინ გადაიდგას ნაბიჯი, მაგრამ ეს თუ იქნება ნაბიჯი დაახლოების და არა გაწევრიანებისკენ მიმართული, ეს არ იქნება ჩვენთვის წარმატების საფუძველი.

ასოცირებულ წევრობასთან წარმოთქმული ინიციატივა, დაკავშირებულია თუ არა სამხრეთ კავკასიაში შექნილი ვითარებასთან, როცა ვლადიმერ პუტინმა მე-4 ბაზა ჩააყენა აქ? ცდილობს თუ არა დასავლეთი ამ ინიციატივით საქართველოს დაცვასა და საკუთარი პოზიციების გამყარებას?

- ჯერჯერობით, ასოცირებული წევრობის არსი არ არის განსაზღვრული,  ამიტომაც ვერაფერს ვიტყვით. ნატოს წევრობა ნიშნავს თავდაცვას, ასოცირებული წევრობა კი ამას ნამდვილად არ ნიშნავს, ასე რომ....

ოკუპანტი რუსეთი  მორიგი ანექსიისთვის ემზადება. სოხუმსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე შედგა საუბარი, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში, 3 წელში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იურიდიულადაც რუსეთის შემადგენლობაში გადავა. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გატარდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან?

- დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს ჩვენი საკითხის განხილვა უმაღლეს დონეზე - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ევროკავშირსა და რუსეთს შორის!

უმაღლეს დონეზე უნდა განიხილონ ეს საკითხი. მხოლოდ დეკლარაციები, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ არის საკმარისი რუსეთისთვის.

რუსეთი ათვითცნობიერებს და პატივს სცემს მხოლოდ ძალას.

ექნება დასავლეთს ძალის მხრიდან პოზიციონირება? იქნება მათი მხრიდან უკან დახეული ნაბიჯები?

თუ ეს ასე არ მოხდა, ამ დეკლარაციების ფონზე, რუსეთი განაგრძობს თავის საქმის კეთებას და შეიძლება, საბოლოო ჯამში, აი, ასე მინავნებულად,  რუსეთი თავის რეალურ მიზანს განახორციელებს.

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ არგაღიზიანების პოლიტიკაა.

დღის წესრიგში უნდა დააყენონ ეს საკითხი აუცილებლად! არგაღიზიანების პოლიტიკამ კრახი განიცადა და დღევანდელი შედეგები სწორედ ამის დამსახურებაა.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთის ეს ქმედება თამაშს ხომ არ ჰგავს? არის თუ არა რეალურად ამის გამკეთებელი?

- თამაშს ეს ნამდვილად არ ჰგავს, რადგან რუსეთი ამის გამკეთებელი რეალურად არის. მიზანმიმართულად მიდის იქითკენ, აფხაზეთს რუსეთი დაერქვას. ტერიტორიების ბორდერიზაციას რუსეთი განაგრძობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საჭირო დროსა და მომენტში ეს ქმედება განახორციელოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რუსეთი დღეს ისეთ პოზიციაზე არ არის, როგორც 2004 ში ან 2014 ში იყო. რუსეთი გაცილებით დასუსტებულია“.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერბშოუმ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი  ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს და შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შორის 12 ნოემბერს, სოჭში შეხვედრა შედგა, სადაც აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში იურიდიულად შესვლის საკითხი განიხილეს.

ხატია მამულია