მიკვირს რატომ არ ხდება კოვიდთან ბრძოლაში საველე ჰოსპიტლების გამოყენება - თინა ხიდაშელი
მიკვირს რატომ არ ხდება კოვიდთან ბრძოლაში საველე ჰოსპიტლების გამოყენება - თინა ხიდაშელი

A+ A-

18:52 25/11/2020

გულწრფელად მიკვირს, რატომ არ ხდება კოვიდთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს რესურსის და საველე ჰოსპიტლების გამოყენება. ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს საკმარისი რაოდენობის, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საველე ჰოსპიტლები.

„ქვეყნის თავდაცვის სისტემას, რა თქმა უნდა, საველე ჰოსპიტლები აქვს. ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დავადასტურო. ყოველ შემთხვევაში, 2016 წელს საკმარისი რაოდენობით გვქონდა. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საველე ჰოსპიტალი რაღაც კარავია და მორჩა. ეს არის სრულად აღჭურვილი პირველადი საჭიროებებით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა. გულწრფელად არ მესმის, რატომ არ ხდება ამ რესურსის გამოყენება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არის მზად თავდაცვის სამინისტროს პერსონალი ამ გამოწვევისათვის, ხიდაშელი აცხადებს, რომ ხელისუფლებას პერსონალის გადამზადებისათვის საკმარისი დრო ქონდა.

„ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეხდინა როგორც სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის, ასევე გორის ჰოსპიტალის და სამედიცინო ბატალიონის შემადგენლობის გადამზადება. ამისათვის მთელი სამი თვე ქონდა საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. კოვიდინფიცირებული პაციენტებით გადავსებული სამედიცინო დაწესებულებების ფონზე საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებას საველე ჰოსპიტლების გახსნისაკენ მოუწოდებენ.

ირინა მაკარიძე