მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ
მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ

A+ A-

19:00 25/11/2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა.

ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს მონადირე საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.