ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, ვინც თვითიზოლაციაშია ყველას ვუხდით ხელფასს - ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე
ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, ვინც თვითიზოლაციაშია ყველას ვუხდით ხელფასს - ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე

A+ A-

20:57 25/11/2020

ყველა მაღაროელი გადამოწმებულია, უტარდებათ ტესტირება, ვინც თვითიზოლაციაშია, "ჯორჯიან მანგანეზი" ყველას უხდის ხელფასს". ასე ეხმაურება ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე მაღაროელებში კორონავირუსის გავრცელების საკითხს. 

მისი თქმით, ,,ჯორჯიან მანგანეზი" ვერ შეაჩერებს სამუშაოებს. თუმცა, კომპანია თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას მაქსიმალურად აკონტროლებს.

,,ჯორჯიან მანგანეზი" სამუშაო პროცესს არ აჩერებს, რადგან ჭიათურის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია ბიზნესის მუშაობაზე. ერთხელ გამოვცადეთ ესეთი სიტუაცია და ეკონომიკა ვერ გაუძლებს. 2 დღის წინ იყო ჭიათურაში 200-მდე ადამიანი ინფიცირებული. კომპანია 3700 კაცზე მეტს ასაქმებს, თითოეულ მათგანს უტარებს ტესტირებას ყოველ 2 კვირაში, უზომავენ სიცხეს და 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში უშვებენ სახლში და აკავშირებენ ექიმთან. არცერთ მუშას პრობლემა არ შეჰქმნია, ყველა გადამოწმებულია და გადადიან თვითიზოლაციაში. ვინც თვითიზოლაციაშია ან კარანტინში ყველას უხდიან ხელფასს. მსგავს რამ მე არ გამიგია, რომ კომპანია სიტუაციას არ აკონტროლებდეს და სამუშაოების შეჩერებას არ მივესალმები მე პირადად," - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 9 მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა, დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში და პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს.