საქართველოში კორონავირუსის გამო, დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი
საქართველოში კორონავირუსის გამო, დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი

A+ A-

09:30 26/11/2020

საქართველოში კორონავირუსის გამო, დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოკდაუნზე გადადის.

ასევე, სავარაუდოდ, შეზღუდვები შეეხება, როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, დაიკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.

რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საკურიერო მომსახურეობით, ანუ მიტანის სერვისით.

საახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება.

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოკდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.