"ხალხი ნერვიულობს, ფინთი გოიმივით მწეწავენო, მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს - გაემტყუნება?"
"ხალხი ნერვიულობს, ფინთი გოიმივით მწეწავენო, მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს - გაემტყუნება?"

A+ A-

10:23 26/11/2020

საქართველოს ხალხი (დამკვეთი) ოთხ წელიწადში ერთხელ აცხადებს კონკურსს სპეციფიური მომსახურების შესყიდვაზე, 5 კომპანია კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა, მაგრამ დამკვეთს აწვებიან და არგაწეული მომსახურებისთვის მაინც ფულის გადახდას ითხოვენ. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ნაცვლიშვილის თქმით, გამოცხადებულ კონკურსში - არჩევნებში მოსახლეობა, როგორც დამკვეთი ნერვიულობს, რადგან "მუქთამჭამელებისთვის" ფულის გადახდას არ აპირებს.

„საქართველოს ხალხი (დამკვეთი) ოთხ წელიწადში ერთხელ აცხადებს კონკურსს სპეციფიური მომსახურების შესყიდვაზე. ამ მომსახურებას (სერვისს) საკანონმდებლო ორგანოში შესრულებული პოლიტიკური საქმიანობა ჰქვია. კონკურსში ლიცენზირებული კომპანიები (პარტიები) მონაწილეობენ. საკუთრივ კონკურსს კი - არჩევნები ეწოდება.

საქართველოს ხალხს, ანუ დამკვეთს, ამ ტიპის პოლიტიკური მომსახურების (სერვისის) შესყიდვისთვის მობილიზებული აქვს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს (პარტიებს) უნდა გადაუხადოს გაწეული მომსახურებისთვის. წელს კონკურსში 9 კომპანიამ გაიმარჯვა. ოღონდ, მივიღეთ უკიდურესად სპეციფიური ვითარება, მარტო საქართველოში რომ მოხდებოდა, ისეთი.

კერძოდ: ერთი კომპანია კონკურსის შედეგებით კმაყოფილია, მზად არის მომსახურების გასაწევად და დამკვეთისგან ითხოვს შესაბამის ანაზღაურებას, რაც სრულიად ნორმალურია. ხუთი კომპანია კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა, ახალი კონკურსის ჩატარებას ითხოვს, შესაბამისად, უარს აცხადებს კონკურსით მისთვის დადგენილი წილი მომსახურების გაწევაზე და არც ანაზღაურებას თხოვს დაკვეთს იმ მომსახურებისთვის, რომლის გაწევასაც არ აპირებს, რაც ასევე ნორმალურია. მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებიც კონკურსის შედეგებითაც უკმაყოფილონი არიან, ახალი კონკურსის ჩატარებასაც ითხოვენ, კონკურსით მათთვის დადგენილი წილი მომსახურების გაწევაზეც უარს აცხადებენ, მაგრამ დამკვეთს აწვებიან, არგაწეული მომსახურებისთვის მაინც უნდა გადაგვიხადო ფული, კონკურში ხომ გავიმარჯვეთო.

დამკვეთი ნერვიულობს - ფინთი გოიმივით მწეწავენო და მუქთამჭამელებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს - გაემტყუნება?! პ.ს. თქვენ როგორ მოიქცეოდით, ვოლტს ან გლოვოს სადილი რომ შეუკვეთოთ, კურიერი ხელცარიელი მოვიდეს, მშიერი დაგტოვოთ და თან კატეგორიულად მოგთხოვოთ, არმოტანილი სადილის ფული გადამიხადეო?”, - წერს სოცილურ ქსელში ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს. 

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“, „ევროპულმა საქართველომა“.

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.