ჩვენ ბოიკოტს თუ ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ - ბადრი ჯაფარიძე
ჩვენ ბოიკოტს თუ ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ - ბადრი ჯაფარიძე

A+ A-

10:03 26/11/2020

ოპოზიცია თუ ბოიკოტს აგრძელებს, პარტიებმა პარტიული დაფინანსება არ უნდა მიიღონ. ამის შესახებ "ლელო საქართველოს"  ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას და ამის გამო, ვინმესთვის იარლიყის მიწებებას არ აპირებს.

„ჩვენ ამ თემას ახლა ვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. ჩემი პირადი აზრია, რომ თუკი ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ არ მივიღოთ პარტიული დაფინანსება, მაგრამ ყველა პარტია იღებს თავის გადაწყვეტილებას. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებ.

რაც შეეხება უახლოეს სამ დღეში კონკრეტულად ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს. 

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“, „ევროპულმა საქართველომა“.

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.