გამოსავალი აღარ დარჩა, მთავრობა ჭრიჭინასავით მოიქცა და ახლა იმკის ზაფხულის ქართული მოდელის შედეგებს - გოცირიძე
გამოსავალი აღარ დარჩა, მთავრობა ჭრიჭინასავით მოიქცა და ახლა იმკის ზაფხულის ქართული მოდელის შედეგებს - გოცირიძე

A+ A-

17:34 26/11/2020

საქართველოს მთავრობას, შეზღუდვების შემოღების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, რადგან ზაფხულში ჭრიჭინასავით უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ახლა იმკის თავისი "აფხულის ქართული მოდელის“ შედეგებს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ახლა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა მთავარი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მათ შორის, პოლიტიკური პროცესებიც.

მისივე განმარტებით, მთავრობის დანაშაული არ არის ის, შეზღუდვები რომ დააწესა, დანაშაულია ისაა, სიტუაცია ვერ გააკონტროლა.

„მთავრობის დანაშაული ის კი არ არის, რომ შეზღუდვები დააწესა, დანაშაულია ისაა, აქამდე მიიყვანა საქმე და ხალხი, რადგან არაფერი გააკეთა იმისთვის, ასეთი მძიმე შეზღუდვების კიდევ ერთხელ დაწესება თავიდან აეცილებინა.

ეს შეზღუდვები მნიშვნელოვნად დააზიანებს ეკონომიკას და ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე.

მთავრობა დახტოდა მთელი ზაფხული აქეთ-იქით, უდარდელად, მისცა ხალხს თავისუფლება.

ხელისუფლება მოიქცა უპასუხისმგებლოდ, რადგან ჭრიჭინა და ჭიანჭველას იგავის გმირივით მოიქცა, როცა მთელი ზაფხული უდარდელად ატარა და ზამთარში უბედურ მდგომარეობაში ჩავარდა. ხელისუფლება დამნაშავეა იმაში, რომ აქამდე მიიყვანა საქმე და სხვა გამოსავალი არ დარჩა, თუ არა მორიგი შეზღუდვების დაწესება.

მთავრობას მერე გაახსენდა, რომ ზამთარში საჭიროა თბილი სახლი და ახლა იმკის ზაფხულის შეცდომებს. ზაფხულში გატარებული პოლიტიკა არც შვედური მოდელი იყო და არც არაფერი. თუ რამე ლიბერალური მოდელზე ვსაუბრობთ, ეს არის ზაფხულის ქართული მოდელი, როდესაც ერთადერთი შეზღუდვა - პირბადის გარეშე გადაადგილება იყო.

რა უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც მთელი ზაფხული პრეზიდენტი დადიოდა და ხალხს მოუწოდებდა კურორტებისკენ? ეს იყო იდეოლოგია, რომ ზაფხულში რაც შეიძლება მეტად გავერთოთო და ახლა ვხედავთ, რომ ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, რა შედეგებამდე მივედით“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება არის კატასტროფული და შეზღუდვების გარეშე, უბრალოდ შეუძლებელი იყო სიტუაციის გამოსწორება.

„ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარება არის კატასტროფა, რადგან ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მეტი ინფიცირებული გვყავს და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად იზრდება.

რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდით, მოიმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

არავითარი პროგნოზი არ ჩანს, რომ ქვეყანაში რამე შიეცვლება. დღეს მთავრობას არ დარჩა სხვა გამოსავალი, გარდა შეზღუდვებისა.

ამ მონაცემებით, ფიზიკურად, კლინიკები ვეღარ შეძლებენ პაციენტების მიღებას, რადგან თვითონ კლინიკები ჩამოიშლებიან.

აი, ხალხი რომ წუწუნებს, ვაიმე, რა გვეშველება, რესტორანში კლიენტები არ გვეყოლებაო, მესმის, რომ მათთვის ეს სამწუხაროა, მაგრამ უფრო სამწუხარო ის იქნებათუ ეს საერთოდ არ მოხდება და აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ რესტორანში მისვლას შეძლებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, შეზუდვების გარეშე, ჯანდაცვის კოლაფსი გამოიწვევს ეკონომიკის ჩამოშლას“, - ამბობს გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ბიზნესი, რომ სექტორი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში არ ჩავარდეს

„ამ შეზღუდვებს უნდა მოყვეს შესაბამისი საკონპენსაციო და საშეღავათო ქმედებები, რომ ბიზნესი არ ჩავარდეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

გამოსავალი იყო თუ არა შეზღუდვების გარეშე, არა არ იყო, მაგრამ ეს არ ამართლებს მთავრობას. პირიქით, ეს აჩვენებს მთავრობის დანაშაულს, რომ არ გააკეთა არაფერი ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

დღეს კი, მთავრობას ნაჯახისა და უკიდურესი ზომების მიღების გარდა სხვა გზა აღარ დარჩა“, - განაცახადა გოცირიძემ.

კითხვაზე, გარდა ეკონომიკური და სოციალური კრიზისისა, დაწესებული შეზღუდვები დააზიანებს თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, გოცირიძე გვპასუხობს, რომ რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციასაც შეუშლის ხელს, თუმცა, ახლა მთავარი ხალხის ჯანმრთელობაა.

დღეს პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ხალხი იგუდება სახლში უჟანგბადობისგან. ბუნებრივია, რომ ჩაკეტვები და გადაადგილების შეზღუდვები დააზიანებს ოპოზიციის პოლიტიკურ აქტიურობას და  გავლენას მოახდენს საპროტესტო მუხტზე, მაგრამ დღევანდელი ამოცანა არის ის, ადგან, საბედნიეროდ, არის ვაქცინა, რომელიც საქარველოში ზაფხულამდე შემოვა, ზაფხულამდე უნდა შევძლოთ და  გადავარჩინოთ ხალხის სიცოცხლე.

ამოცანა არის ის, რომ არ დაგვეხოცოს ხალხი, კოვიდის ზიანის ჯანდაცვის სექტორისთვის შემცირება და ეკონომიკის ჩამონგრევის თავიდან აცილება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. ამ ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისსა და დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

მარიამ მაჭარაშვილი