ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტი ახირებად ექცა - მაჭარაშვილი
ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტი ახირებად ექცა - მაჭარაშვილი

A+ A-

18:54 26/11/2020

ოპოზიციას ახირებად აქვს ქცეული პარლამენტის ბოიკოტი, დაფინანსებას კი იღებენ. როგორც ჩანს, საკუთარ ამომრჩევლებს გაუბრაზდნენ, რადგან არჩევნებში სათანადო ხმები ვერ მიიღეს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმითვე, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოში დემოკრატიის გაძლიერებას ცდილობს, ამიტომაც მცირე მხარდამჭერის მქონე პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება გაუზარდა.

„მცირე მხარდამჭერის მქონე პოლიტიკური პარტიები უფრო მეტ დაფინანსებას იღებენ, ვიდრე დიდი მხარდამჭერის მქონე პარტიები.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, სადაც მცირე მხარდამჭერების მქონე პარტიებს 50 ათას ხმამდე 15 ლარი ეძლევათ თითო ხმაზე, ამ რაოდენობის ზემოთ კი, 1 ხმაზე 5 ლარია გამოყოფილი. ეს ყოველივე იმიტომ გავაკეთეთ, უფრო  გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და პლურალიზმი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან დაფინანსების მოთხოვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ მათ უბრალო ახირებად აქვთ ქცეული პარლამენტის ბოიკოტი, რეალურად კი,  პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა სურთ.

„ოპოზიციის მხრიდან დაფინანსების მოთხოვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, იმას რომ მათ უბრალო ახირებად აქვთ ქცეული პარლამენტში არშესვლა, რეალურად კი,  სურთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. საზოგადოების გადაწყვეტილებით, 9 პოლიტიკური პარტია უნდა შესულიყო პარლამენტში, შესაბამისად ეს დაფინასნება ყველა მათგანს ეკუთვნის, თუმცა არასწორი და უპასუხისმგებლოა ოპოზიციის გამოკიდებულება და მათი ბოიკოტი ხელისუფლების მიმართ“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

ეს პარტიები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“, „ევროპული საქართველო“.

ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ: „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

შეგახსენებთ. „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაფინანსების მიღება არჩევნების ლეგიტიმურად ცნობას ნიშნავს.

ხატია მამულია