′′ირანული ბომბის მამის′′ მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს
′′ირანული ბომბის მამის′′ მკვლელობაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს

A+ A-

16:40 28/11/2020

"ირანის ბირთვული იარაღის მამად" წოდებული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ირანის პრეზიდენტმა ისრაელი დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

ჰასან რუჰანის თქმით, „ფახრიზადეს მკვლელობა აჩვენებს ირანის მტრების სასოწარკვეთასა და მათი სიძულვილის სიღრმეს. ირანის პრეზიდნეტი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელობა თეირანის მიღწევებს არ შეანელებს.

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოსენ ფახრიზადეს მანქანას 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. მეცნიერი თავდასხმისას დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდაპირველად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის სპიკერმა თქვა, რომ ინციდენტში მეცნიერი არ იყო ჩართული. მოგვიანებით, ირანის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა ფახრიზადეს მკვლელობა.

ფიზიკის პროფესორი, ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცერი 2018 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დირექტორად დაასახელა. ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ ისრაელმა თეირანის საწყობიდან ამოიღო ირანის მასალების არქივი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ბირთვული იარაღის პროგრამაც. მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ფახრიზადე".