არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია
არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას - გახარია

A+ A-

11:33 15/01/2021

„არაავის მივცემთ შესაძლებლობას, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და გურიის ერთ-ერთ სოფელში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

პრემიერი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სახის დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ის, როგორადაც ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის და ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რამენაირად იყოს შეზღუდული.

თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოსახლეობას შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის, ხმაურიანი დაპირისპირებაა. აჭარიდან ამ სოფელში ჩასახლებულ, ეკომიჰგრანტ მუსლიმ მოსახლეობასა და ადგილობრვ ქრისტიანებს შორის სიტუაციის გამწვავება, ერთ-ერთ სახლში არსებული სალოცავის გამო, დაიწყო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსლიმები მისი მეჩეთად გადაკეთებას აპირებდნენ. მათ შორის დაპირისპირება ქვების სროლამდეც მივიდა.