გაუქმდება თუ არა კახა კალაძის თანამდებობა ? - რა სამზადისია "ოცნებაში" კობახიძის ასარჩევად?
გაუქმდება თუ არა კახა კალაძის თანამდებობა ? - რა სამზადისია "ოცნებაში" კობახიძის ასარჩევად?

A+ A-

18:55 15/01/2021

400 დელეგატისთვის გამზადებული დარბაზი, 21-კაციანი პოლიტსაბჭოს ასარჩევად მზადმყოფი „ოცნება“ და ახალი თავმჯდომარეობისთვის გახაზირებული ექსმილიარდერის მემკვიდრე ირაკლი კობახიძე - მოკლედ, ხვალ მმართველ პარტიაში დიდი დღეა და ყველაფერი მზადაა ახალი თავმჯდომარის კურთხევისთვის. რაც არავინ იცის ჯერ, ისაა: მივა თუ არა „ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი და გაუქმდება თუ არა კახა კალაძის გენმდივნის პოსტი პარტიაში?

ამ  წუთებში კი, „ქართული ოცნების“ ოფისში დიდი თავყრილობაა.

მედიის ინფორმაციით, იქ მისულია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც როსტომ მეფის სასახლეში მიმდინარე  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ესწრება.

სხვათაშორის, ხვალ,  კობახიძის თავმჯდომარედ არჩევასთან ერთად, ცნობილი გახდება  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - უქმდება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის პოსტი.  შესაბამისად,  გაირკვევა კახა კალაძის თანამდებობობრივი სტატუსი პარტიაში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მედიასთან ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ, არც უარყოფენ.

„ხვალ ყველაფერი ცხადი იქნება ყრილობაზე, მე თანამდებობაზე არასდროს მქონია პრეტენზია. სადაც ვარ, ყევლგან ჩემს ხალხს ვემსახურები, სპორტში ვარ, ბიზნესში თუ პოლიტიკაში“, - ასე უპასუხა ამ შეკითხვას  თავად კალაძემ ერთ-ერთ მედიაგამოცემის გადაცემაში - „ნიუსრუმი“.

დღეს, პარტიულ თავყრილობაზე კი, დიდი ყრილობის წინ, არსებული ინფორმაციით, პარტიის ისტებლიშმენტი პოლიტსაბჭოს წევრების საბოლოო ვარიანტსაც განიხილავენ, პარტიაში კი, მათი ვინაობა ყველამ არც იციან და ხვალ გამოუცხადებენ პირველად.

ვიდრე  მმართველ ძალას, დაახლოებით, 22 საათში, პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება, „2020NEWS“-მა  „ქართულ ოცნებაში“ წინასაარჩევნო შიდაპარტიული განწყობები „გადაამოწმა“.

„ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმჯდომარე იყო, თუმცა  კობახიძეც ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც პარტიას ღირსეულად წარუძღვება წინ“, - ასე მიაჩნია „2020NEWS“-თან საუბრისას “ქართული ოცნების“ უხუცეს დეპუტატს, ლადო კახაძეს.

 

მეტიც, კახაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე,  „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, უამრავ წარმატებას მიაღწევს.

„ირაკლი კობახიძე არის შესანიშნავი იურისტი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. დიდი პატივია მისნაირი თავმჯდომარე რომ ეყოლება პარტიას და პირადად მე ყველაფერში მხარს ვუჭერ მას. ირაკლი კობახიძე არის ლიდერი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება „ქართულ ოცნებას“, მე ამის ნამდვილად მჯერა. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმდჯომარე იყო, თუმცა ირაკლი კობახიძეც ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც პარტიას ღირსეულად წარუძღვება წინ“, - აცხადებს კახაძე.

კობახიძეს დადებითი ეპითეტებით ამკობს „ქართული ოცნების“ მეორე დეპუტატიც, გურამ მაჭარაშვილი.

როგორც „2020NEWS“-ს მაჭარაშვილმა განუცხადა, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტატუსს ღირსეულად ატარებს და პარტიის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ და კიდევ უფრო გააკეთილშობილებს. მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება განვითარებას განაგრძობს და ერთად  უამრავ წარმატებებს მივაღწევთ.

თქვენ გაინტერესებთ, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში, მე კი ერთადერთი ადამიანის დასახელება შემიძლია - ეს ირაკლი კობახიძეა. დანარჩენს ერთად ვიხილავთ ხვალ“, - აცხადებს მაჭარაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

 მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული სახელ-გვარების გარდა, ხვალ ახალ სახეებსაც ვიხილავთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

 

„პარტიაში დაგეგმილია განახლება. თქვენ იხილავთ რამდენიმე ახალ სახესაც.

ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, ეს სახეები ვინ იქნებიან, თუმცა, დამიჯერეთ, თითოეული მათგანი ღირსეულად დაიკავებს თავის პოსტს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

კახაძე კი აცხადებს, რომ მან საერთოდ არ იცის, ახალ პოლიტსაბჭოში ვინ შევლენ.

„რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილისა და სხვათა პოლიტსაბჭოს წევრობას, ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ იქნება და ვინ არა პოლიტსაბჭოში, რადგან მეც კი არ ვფლობ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

არც ის ვიცი, მე ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში. მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეები შეძლებენ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო განავითარებენ.

რაც შეეხება წევრების რაოდენობას, 19-ის ნაცვლად 21 წევრი იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,

ხვალ, თქვენთან ერთად, ველოდები პოლიტსაბჭოს წევრების გამოცხადებას“, - განაცხადა კახაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ივანიშვილმა პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა და თქვა, რომ იგი „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება და საკუთარ პარტიას ურჩია, აღარ დაურეკონ. ასევე მან მმართველი ძალის ოპოზიციაში გადაბარგებაც იწინასწარმეტყველა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალ პოლიტსაბჭოში ჯანდაცვის მინისტრის გარდა, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც ვიხილავთ.  

ხატია მამულია