კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულმა დაცვაზე უარი განაცხადა
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულმა დაცვაზე უარი განაცხადა

A+ A-

14:23 17/01/2021

დაკავებული, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურ მდგომარეობაშია და დაცვაზეც უარს აცხადებს.

„ბრალდება ჯერ არ წარედგინა, დღეს წარედგინება თუ ხვალ, ჯერ არ ვიცით, ზუსტად. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, დუმილის უფლება გამოიყენა და ხელი არაფერზე მოაწერა.

დაცვაზე საერთოდ უარი განაცხადა, მაგრამ თუ ოჯახის წევრმა მოიწვია ადვოკატი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში ჩამოვცილდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას სავალდებულო წესით ვიცავ.

მას გუშინ საღამოდან გვიან ღამემდე ვესაუბრე, ძალიან აღელვებული იყო და ემოციური მდგომარეობა ჰქონდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, მამაკაცმა კასპში მძევლები გუშინ აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მან მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაკავებული ყოფილი პოლიციელია - პოლიციის რიგები მან 2018 წელს დატოვა.