ე.წ. მესამე ძალა ძალას იკრებს - რას აანონსებს გიორგი ვაშაძე?
ე.წ. მესამე ძალა ძალას იკრებს - რას აანონსებს გიორგი ვაშაძე?

A+ A-

19:00 18/01/2021

ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შანსი გამოჩნდა  - ასე მიაჩნია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს,  გიორგი ვაშაძეს და თებერვლიდან ე.წ. მესამე ძალის შემქნასთან დაკავშირებით, სიახლეებს აანონსებს. „2020NEWS“ უკვე წერდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ოპოზიციაში ე.წ. მესამე ძალები გაერთიანებას შეეცდებოდნენ და იმ ამომრჩევლის გულის მოგებასაც, რომელთა ხმები წაიღეს, მაგრამ ამავე „არა ქოცი, არა ნაცი“ ამომრჩევლისთვის ე.წ. მესამე ძალის პარტიებისთვის არ მიუცია დაკვეთა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფრონტზე გადაენაცვლათ. სააგენტო იმასაც წერდა, რომ დღის წესრიგში ამ ძალებს სააკაშვილის  „ჩრდილიდან“ თავის დაღწევის ამოცანა უდგათ.

როგორც ჩანს, ამ ე.წ. მესამეებმა მოქმედება დაიწყეს. ვაშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რეალური შანსი შეიქმნა იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე მძავლრი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" მთავარი სტრატეგი ამბობს, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაძლოა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა იყოს და ამ საკითხზე აქტიურად იწყებს მუშაობას.

ვაშაძის თქმით, ქვეყანაში ახლა სხვა რეალობაა და მხოლოდ ხლისუფლება-ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსა და პარლამენტში შესვლა- არ შესვლაზე არ უნდა ჩაიციკლოს ოპოზიციური სპექტრი.

„აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა არის ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ამ შემთხვევაში. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან სერიოზულად დაკარგავს მხარდაჭერას და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი.

რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტები, თუ საზოგადოებრივი პირები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მთავარია, არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებაში და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. არამედ, კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.