ოპოზიცია მიშას დროინდელი ტერორისტი გვარამიას ბულინგის მსხვერპლია - რას პასუხობს "რუსთავი-2"-ის მფლობელი ხალვაში "მთავარი არხის" დირექტორს?
ოპოზიცია მიშას დროინდელი ტერორისტი გვარამიას ბულინგის მსხვერპლია - რას პასუხობს "რუსთავი-2"-ის მფლობელი ხალვაში "მთავარი არხის" დირექტორს?

A+ A-

16:12 20/01/2021

ოპოზიცია მიშას დროინდელი ტერორისტების ბულინგის მსხვერპლია - ასე ეხმაურება „რუსთავი-2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ოპოზიციისადმი გაჟღერებულ „მუქარას“, რომ ისინი მიქარავენ, როცა „რუსთავი-2“-ში მიდიან სადებატოდ, ხოლო ტელეკომპანია „მთავარი“ მათთან ურთიერთობებს გადახედავს.

როგორც ხალვაშმა „2020NEWS“-ს ექსკლუზიურად განუცხადა, გვარამია და მისი არხი სულაც არაა „რუსთავი-2“-ის კონკურენტი, არამედ - მტერია, ამიტომ არ უკვირს „მთავარი არხის“ დირექტორის თავდასხმა.

„ბევრი რამის თქმა შეიძლება ნიკა გვარამიას თავდასხმასთან დაკავშირებით. უკვე არავინ აღარ მალავს, რომ ოპოზიცია არის მიშას დროინდელი პოლიტიკური ტერორისტების ბულინგის მსხვერპლი, რაც მის ტექსტშიც ჩანს.

გარდა ამისა, ის არ არის კონკურენტი ჩვენი ტელევიზიის, ის არის უბრალოდ მტერი, რაც მის მოქმედებებში მრავალჯერ აისახა“, - აცხადებს ხალვაში სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას ისევე სჭირდება ცივილური დებატები ტელევიზიაში, როგორც - პარლამენტში, მაგრამ გვარამიასა და მის „მიმდევრებს“ ქვეყანა არ ადარდებთ. მათ უნდათ, საქართველო „პირად ვნებებს“ გადააყოლონ.

„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დებატები, რასაც ჩვენი არხი უზრუნველყოფს. ცივილური დებატები სჭირდება პარლამენტსაც და არა - ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, არიან ისინი, რომლებსაც ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობა არ ენაღვლებათ და უნდათ,რომ პირად ვნებებს გადააყოლონ“, - აცხადებს ხალვაში.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი-2“-ზე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციას მორიგი საყვედური საჯაროდ გამოუცხადა და „რუსთავი-2“-ის გადაცემებში მონაწილეობის პოლიტიკა დაუწუნა. მეტიც, გვარამიამ, მათი მისამართით, „მუქარაც“ გააჟღერა: „ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ“.

გვარამაის მიაჩნია, ოპოზიცია „მიქარავს“ ამ არხზე რომ დადის, მაშინ, როცა „მთავარ არხზე“ მისასვლელად ან დრო არ აქვთ, ან თავს იკავებენ, ამ დროს კი, სხვა შოუებში არიან „გამოჭიმული“.

მეტიც, როგორც „მთავარის“ დირექტორი აღნიშნავს, ოპოზიციონერთა ამ ქმედებებით „წყალში ეყრება“ მცდელობა, ეს „ოპოზიცია შეადუღაბოს“.

რუსა მუმლაძე