ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია - ბოკერია
ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია - ბოკერია

A+ A-

18:28 20/01/2021

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციიდან უკვე გარიყულია. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ელისაშვილი უკვე თვენახევარია, რაც ივანიშვილის პროპაგანდის პარტნიორია, თუმცა მან უზნეობის რეკორდი გუშინ მოხსნა.

“თითქმის თვენახევარია ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს ბატონმა ელისაშვილმა და მისმა ამფსონმა იოსელიანმა და მერე შეუერთდა „გირჩის“ განაყოფის რამდენიმე ადამიანი. ძალიან სამარცხვინო ფორმა შეიძინა ამან, რაც დრო გავიდა და გუშინ საერთოდ საკუთარი რეკორდები მოხსნა ბატონმა ელისაშვილმა. განსხვავებული აზრი საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა გააჩნია აზრსაც, მაგრამ რამდენიმე პირმა ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ლანძღვით, იმ ბრალდებების გამეორებით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ტირაჟირებს ხოლმე, რომ „რევოლუციისთვის, ძალადობისთვის ემზადებიან“, დაკომლექსება და ძირითადად ჩვენს სახელს იყენებენ ხოლმე, რომ ვიღაც ზეწოლის ქვეშაა, რაც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანებისთვის, ვისაც თავისი ნება და პოზიცია აქვს. საზოგადოების თვალში უიმედობის დანერგვისთვის ამას ივანიშვილის რეჟიმი ეფექტურად გამოიყენებს, ამაში მდგომარეობს ზიანი.

ძალიან ცნობილი უხეში გამონათქვამია: (პოლიტიკურად ვამბობ, ფიზიოლოგიურად არა) - სიბინძურეს რომ შეეხები, შენც ბინძური ხარ. გუშინ რაც ვიხილეთ, რა მიზანსცენაც იქნა დადგმული ბატონი ხაზარაძის წინააღმდეგ, ძალიან უსიამოვნო საყურებელია. არაკორექტული იყო როგორც მოხდა ეს ყველაფერი. თუ დებატებია, უნდა აუხსნა, რომ დებატებია, თუ არადა საჩხუბრად მიშვება მითუმეტეს ადამიანის, რომელსაც არანაირი მუხრუჭი არ აქვს მორალური, არ არის კარგი საქციელი მედიის მხრიდან. ეს ყველაფერი გაცდა იმ ზღვარს, როცა მკაფიო უნდა იყოს ყველასთვის, როგორ უყურებს ამ რამდენიმე ადამიანის საქციელს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსნებთ, ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ გუშინდელ ეთერში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ამ დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციამ ელისაშვილსაც გამოუცხადა ბოიკოტი, არაკორექტურობის გამო.