ელისაშვილს ოპოზიციიდან ვერავინ მოკვეთს მანამდე, ვიდრე "ქართული ოცნების" პარლამენტში არ შევა - ხვიჩია
ელისაშვილს ოპოზიციიდან ვერავინ მოკვეთს მანამდე, ვიდრე "ქართული ოცნების" პარლამენტში არ შევა - ხვიჩია

A+ A-

19:00 20/01/2021

“ლეიბორისტული პარტიის” ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე რამდენიმე ოპოზიციონერი “ქართული ოცნების” წევრი უფრო იყო, ვიდრე ოპოზიციის, შესაბამისად, ალეკო ელისაშვილს ოპოზიციიდან ვერავინ მოკვეთს. „გირჩი“ მასთან თანამშრომლობას განაგრძობს. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და სხვა ოპოზიციონრების დაპირისპირებას.

 ამავდროულად, ხვიჩიას თქმით, “გირჩი” “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე, პარლამენტში შესვლას არც ახლა აპირებს, თუნდაც „მოქალაქეები“ შევიდნენ მე-10 მოწვევის პარლამენტში.

- გაერთიანებულ ოპოზიციაში განვითარებული შიდა ბოიკოტის შემდეგ, განაგრძობთ თუ არა  თანამშრომლობას“მოქალაქეებთან” და მათ ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან?

- რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ, შეგიძლიათ ამიხსნათ? ბევრი საკითხი არსებობს ისეთი, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მათ შორის, გუშინდელ საკითხზეც არ დავეთანხმეთ ბატონ ელისაშვილს, რადგან არასწორი იყო “ლელოსა” და მისი ლიდერების ლანძღვა, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან, დღეს სხედან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფით კი არ შემოიფარგლებოდნენ, არამედ ერთმანეთს დაჭერითაც ემუქრებოდნენ. ზოგიერთის აქტივისტებიც კი უცემიათ. ამ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან 26 მაისის აქციის მონაწილე ადამიანებიც, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია. ამ ყოველივეს ხელი არ შეუშლია ოპოზიციის ერთობისთვის.

თქვენი აზრით, დღევანდელი ოპოზიცია ერთიანია?

- ოპოზიცია ყველაფერში ერთიანი ვერ იქნება, ამიტომაც არის გაერთიანებული. არსებობს საკითხები, სადაც ოპოზიცია ინარჩუნებს ამ ერთიანობას, ან ვერ ინარჩუნებს. ალეკო ელისაშვილი მაშინ გავა ამ ერთობიდან, როდესაც ის დაარღვევს ბოიკოტს და “ქართული ოცნების” პარლამენტში შევა. ვიდრე ალეკო ელისაშვილი ბოიკოტში გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთადაა, მანამდე ის ჩვენი სრულფასოვანი წევრია. ამას ვერც მე და ვერც სხვა პოლიტიკური ლიდერი ვერ შეცვლის.

- რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოკვეთილ უნდა იქნას გაერთიანებული ოპოზიციიდან...

- მეც მოვისმინე მსგავსი განცხადებები და ძალიან არასწორია. რას ქვია მოკვეთილია? ვინ მოკვეთა? ელისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრია და ამას ვერავინ შეცვლის. თუ ასე წავიდა საუბრები, მეც გეტყვით, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრისას რამდენიმე ადამიანი “ქართული ოცნების” წევრი უფრო იყო, ვიდრე ოპოზიციის.

იქ ისეთ მოსაზრებებს ვისმენდი, რომ ამაში ნამდვილად დავრწმუნდი. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი გავაკრიტიკოთ, მაგრამ ერთმანეთის მოკვეთის უფლება ნამდვილად არ გვაქვს, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არა -ჩვენი.

- ვის გულისხმობთ? რომელი პოლიტიკური ძალის წევრი იყო, “ქართული ოცნების” სახით, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე შემოსული?

- რა მნიშვნელობა აქვს. არ მინდა დასახელება. პარტიიდან არ გეუბნებით, იქ ბევრი ადამიანი იყო ისეთი განწყობითა და წარმოდგენებით, რომ ეგ მაფიქრებინეს.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია იმ ყველაფერზე, რასაც  ტელეეკრანებიდან უყურებს და სადამდე მიგიყვანთ ამ გაერთიანებული ოპოზიციას ეს შიდა ბოიკოტი?

- ნამდვილად ცუდი დასანახია შორიდან მსგავსი დაპირისპირებები და არასწორიც კია. უკეთესი იქნება, რომ მაგავსი რაღაცეები არ ხდებოდეს. ამის შემდეგ “ლელოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ნამდვილად ვერ მოვთხოვ ალეკო ელისაშვილთან ერთად, ერთ მაგიდასთან დასხედით-თქო, რადგან რაც გუშინ მოხდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იყო არასწორი ქცევა და სხვა არაფერი.

- ოპოზიციის ამ სახის დაპირისპირებების შემდეგ, იტყვით თუ არა პროპორციულ არჩევნებში “მოქალაქეების” ხმებზე უარს?

- არა, ასე ნამდვილად ვერ მოვიქცევით. ჩვენ ვერ ვიტყვით ამის გამო, პროპორციულ არჩევნებზე, ალეკოს ხმებზე უარს. მიზნის მისაღწევად, ყველაფერს გავაკეთებთ.

- მხოლოდ ხმების გამო, არ იტყვით ალეკო ელისაშვილთან თანამშრომლობაზე უარს?

- აბა, სხვა რის გამო, არ უნდა ვთქვა?! თქვენ თუ მეგობრიბას გულისხმობთ, გეტყვით, რომ პოლიტიკაში ძალიან ცოტა მეგობარი მყავს და თუკი ვინმე მყავს, ისიც ჩვენი პარტიიდან არის.

- რა შემთხვევაში შევა “გირჩი” პარლამენტში?

- “გირჩი” იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუკი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შევლენ, სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდება....

- “მოქალაქეები” თუკი გადაწყვეტენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, შესაძლოა, რომ თქვენც გიხილოთ მე-10 მოწვევის პალამენტში?

- არა, ეს ასე არ მოხდება. თავიდანვე ვთქვით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თუკი უარს იტყოდა პარლამენტში შესვლაზე, ჩვენც ასე მოვიქცეოდით. ალეკო ელისაშვილი, რომ შევიდეს პარლამენტში, “გირჩი” მაინც არ შევა. “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე, პარლამენტში რა აზრი აქვს, რომელიმე პოლიტიკური ძალა რომ შევიდეს?!  რა თქმა უნდა, არანაირი აზრი არ აქვს.

ხატია მამულია