უტა ივანიშვილი საქართველოშია - ექსმილიარდერი მამა ქონებრივი და პოლიტიკური მემკვიდრეობის გაცემას იწყებს?
უტა ივანიშვილი საქართველოშია - ექსმილიარდერი მამა ქონებრივი და პოლიტიკური მემკვიდრეობის გაცემას იწყებს?

A+ A-

15:08 22/01/2021

პოლიტიკიდან მოულოდნელად გასული, ექსმილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი საქართველოშია.  რატომ გამოიძახა საფრანგეთიდან ექსპრემიერმა სიყრმის შვილი? „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილი შვილებს შორის ქონების გადანაწილებასა და ამ ფორმით დარჩენილი მილიონების გადაზღვევას იწყებს. ამასთანავე, უფროსი ვაჟის საქრთველოში ვიზიტის შემდეგ, მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხიც გადაწყდება. თავად ექსმილიარდერი კი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ ვერწმუნებით, საფრანგეთის სამხრეთით, ულამაზეს ქალაქ სენ-ტროპეში ახლად შეძენილ ვილაში აპირებს გადასახლებას. რას გაექცა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკიდან და როგორ აზღვევს საკუთარ ქონებასა თუ პოლიტიკურ მომავალს?

როგორც ცნობილია, უფროსი ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მისი ბოლო ვიზიტი მშობლებთან, გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყანაში მოხდა. მაშინ უტა ივანიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სავალდებული კარანტინის გავლის გარეშე,  „გაუჩინარდა“. საზოგადოების პრეტენზიას, რომ მილიარდერის შვილსაც უნდა გაევლო 2-კვირიანი კარანტინი რომელიმე კოვიდსასტუმროში და მისთვის გამონაკლისი არ უნდა დაეშვათ, ოფიციალურმა თბილისმა უპასუხა,  ნეტა, ყველას ქონდეს ისეთი პირობები, როგორიც უტა ივანიშვილს აქვს, ის უსაფრთხოდაა და სახლში,  სოფელ ჭორვილაში გადის კარანტინსო. 

 

პირობებსა და ცხოვრება-ქონებას რომ არ უჩივის საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ვაჟი, გაუგებარი ამაში არაფერია, მაგრამ რატომ ეწვია ახლა ის საქართველოს, როცა მამამისმა პოლიტიკური ველი ღიად დატოვა და როცა ამ ოჯახისთვის „ქართული ოცნების“ ერა დასრულდა ? რამდენად საიმედოა სააგენტოს წყაროს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მემკვიდრეობის გადანაწილებას იწყებს და საქართველოში ვიზიტის შემდეგ, უტა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხსაც გაივლიან? სჭირდება თუ არა ექსმილიარდერს საკუთარი შვილებისთვის ქონების გადაფორმება მაშინ, როცა მისი თქმით, მხოლოდ 200 მილიონი დოლარი აქვს ოჯახისთვის და არა - გაცხადებულ 5 მილიარდზე მეტი?

ივანიშვილის ქონებრივი და პოლიტიკური „ვნებანი“ ბაიდენის ეპოქაში

მიუხედავად იმისა, თავად ივანიშვილმა  განაცხადა, 5 მილიარდი არასდროს ქონია და გამოცემებს: „ფორბსსა“ და „ბლუმბერგს“ შეუძლია, უჩივლოს, მილარდერთა სიაში რომ ყავთ შეყვანილი, ამავე „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიას ივანიშვილის სახელი და გვარი, ასევე ქონებრივი მონაცემი დღემდე ამშვენებს.  მილარდერთა ამ რეიტინგში, „ბლუმბერგის“ მითითებითვე, „მრავალფეროვანი ინტერესების მქონე“, უმდიდრესი ქართველი ექსპოლიტიკოსი 462-ე ადგილს იკავებს - 5, 78 მილიარდი დოლარით, რომელიც ბოლო პერიოდში 250 ათასით გაიზარდა.

 

მოკლედ, „ბლუმბერგისთვის“ თუ ის ისევ მილიარდერია, ოფიციალურად და თავად ექსოლიგარქის მტკიცებით, მხოლოდ 200 მილიონი დოლარი აქვს შემონახული, რადგან თავისი ქონების უმეტესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, მათ შორის - „პანორამა" პარაგრაფი“, „პანორამა თბილისი“ და შუშის სასახლეც კი. თავისთვის მხოლოდ აბასთუმნისა და ჭორვილას სახლები, ასევე ცნობილი 200 მილიონი დაიტოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი ამ ქონების გადაზღვევასაც იწყებს.  მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, მათ შორის ისიც, რასაც „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშილი ამტკიცებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, ნათელაშვილის მტკიცებით,   ქართული პოლიტიკის ყოფილი მთავარი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკული და ევროპული სანქციები ამოქმედდება.  

ამ სანქციებზე „2020NEWS“-მა, ჯერ კიდევ გასულ წელს, პირველმა დაწერა ქართულ მედიასივრცეში. ჩვენი ინფორმაციით, თუ მმართველი პარტიის მმართველი და დამფუძნებელი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევას არ შეწყვეტდა, მას შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სანქციები ემუქრებოდა, რაც ანგარიშების დაბლოკვაში გამოიხატებოდა.  ამ სტატიის შემდეგ, უამრავი პოლიტიკური ბატალია გადაიტანა ქვეყანამ, ბოლოს კი,  დასავლეთის ქვეყნების ელჩებთან დადებული პირობის გამო, ივანიშვილმა პოლიტიკა ოფიციალურად დატოვა და თავის პარტიას დაუბარა, აღარ დამირეკოთო. მან ისიც განაცხადა, რომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი, „კეთილსინდისიერი“ პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანსო.

სწორედ აქ გაჩნდა ვარაუდი, რომ გარდა ქონების გადაცემისა, ამ დღეებში პარიზიდან დაბრუნებული უტა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის საკითხიც გაირკვევა. ჩვენი ინფორმაციით, ამისთვის სიტუაციების მომწიფებას ივანიშვილი უკვე იწყებს.

საქართველოს მიმართ ინტერესი რომ იზრდება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი და რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ტყუილად რომ  არ დაემთხვა, ამაზე დასავლეთში ღიად ლაპარაკობენ და  „2020NEWS“ უკვე წერდა კიდეც  მაგალითად, სტრასბურგის საქმეზე საქართველოს ადვოკატი, ბრიტანელი იურისტი ბენ ემერსონი, The Guardian-თან აცხადებს, რომ სასამართლოს რუსეთისადმი გამატყუნებელი განაჩენი შემთხვევით არ დამთხვევია ბაიდენის ინაუგურაციას. მისივე თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთისადმი უფრო მკაცრ პოლიტიკას აირჩევს.

 

ივანიშვილი კი რის ივანიშვილია, ამ სიტუაციას მომზადებული არ დახვდეს. აქვე ვიტყვით,  ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო ციებ-ცხელება დასრულდებოდა, დიდი ალბათობით, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი საქმე, როგორც პოსტსაბჭოთა ოლიგარქის, სანქციებამდე არ მისულიყო და პოლიტიკური ველის თავისი ფლანგი დალაგებული დაეტოვებინა,

მაგალითად, მართალია, მან დასავლელ ელჩებთან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პირობა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო, მაგრამ 2021 წლის იანვარამდე, პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე გაწელა პირობის შესრულების დედლაინი. ამასობაში კი,  საკუთარი მმართველი ძალა გაამაგრა ხელისუფლებაში, ამავე პოლიტიკური ძალის პოლიტსაბჭოში, რაც მთავარია, სასამართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში, - თავისი „ხალხის“ სახით, საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნა და ამის შემდეგ, პოლიტიკიდან ღიად  წავიდა.

წავიდა და თან წაიღო საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი ჯილდო, როგორც ერთგვარი ხელშეუხებლობის  გარანტი და  თავდაცვის იარაღი. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქველმოქედებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. ეს ჯილდო, რომ მაღალ დამცველ ფუნქციას ატარებს, იმითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ გააცეცხლა ამ ამბავმა ექსპრმიერის მთავარი მოწინააღმდეგე ქართულ პოლიტიკაში,  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“ივანიშვილმა იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა საფრანგეთის ელჩისგან, რომლის მეუღლესაც რაღაც დაუბრუნა, როგორც საჩუქარი, პარიზის ცენტრში, ჩვენ დროს რომ ელჩი იყო, მაშინდელ ელჩზე ვლაპარაკობ (საუბარია, ელჩ ერიკ ფურნიეზე], იყიდა საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა ყიდულობს საპატიო ლეგიონის ორდენს. იყო ასეთი ცენტრალური აფრიკის იმპერატორი ბოკასა, როდესაც ჩამოაგდეს, მაცივარში უპოვეს პატარა ბავშვების სხეულები, იყო კანიბალიზმით დაკავებული. ბოკასას ჰქონდა 3 ორდენი - საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს და სხვადასხვა ხარისხის", -  განაცხადა ამ ამბის გაგების შემდეგ სააკაშვილმა, რომელსაც ივანიშვილმა სერიოზული კვანტი მოუწყო - პოლიტიკიდან ღიად გასვლის გამო, და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, საკუთარი - „მყვირალა სახელი“ გამოაცალა ხელიდან.

შესაბამისად,  ახლა, ექსპრეზიდენტსა და დანარჩენ ოპოზიციასაც ისღა დარჩენიათ, ბოიკოტის რისხვა მმართველ პარტიას დაატეხონ თავს, ამ პარტიას კი ოპოზიციაში გადასვლა ისედაც უწინასწარმეტყველა ამავე ივანიშვილმა. 

რაც შეეხება თავად ორდენს ის სულაც არ გამოიყურება ისე უსახოდ, როგორც ამას სააკაშვილი წარმოაჩენს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) კი - საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ: თურქეთის ლეგენდარულ პრეზიდენტს - მუსტაფა ქემალ ათათურქს, ლეგენდარულ მწერალდ - ონორე დე ბალზაკს, ასევე ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს - ჟან-პოლ ბელმონდოს, წარმოშობით რუსს და ამერიკაში გაზრდილ, საქვეყნოდ ცნობილ პოეტსა და ესეისტს - იოსეფ ბროდსკის, საფრანგეთის უდიდეს პრეზიდენტს - შარლ დე გოლს, ასევე საფრანგეთისა თუ სხვა  უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.

ამ ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილმა პირადი და საკუთარი ქონების უსაფრთხოებაც, პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, რაც მას აქამდე აზღვევდა, საკმაოდ გონივრულად, ზუსტ დროსა და ზუსტი მიმართულებით გადააზღვია.

სხვათაშორის, ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, მისგან ივანიშვილმა პირობა აიღო, რომ დაულაგებდა სიტუაციას საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტრებთან კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გამო.

როგორც ჩანს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის სკანდალური განცხადებების გაკეთებით იყო დაკავებული, ამ პროცესების  მიღმა სერიოზული დიპლომატიური კარიერის მქონე,  ფრანგულ პოლიტიკური წრეებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურა, საფრანგეთის ყოფილი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი თავის დანაპირებზეც წარმატებით მუშაობდა. 

რა მემკვიდრეობას გაუნაწილებს ექსმილიარდერი შვილებს?

ასეა თუ ისე, ივანიშვილი გავიდა საჯარო პოლიტიკის სივრციდან, უტა ივანიშვილი საქართველოშია. საქართველოს უმდიდრეს ადამიანს მის გარდა, კიდევ სამი შვილი ყავს: ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები. მისი მემკვიდრე აუცილებლად იქნება მისი საყვარელი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, რომელიც გარკვეულ ქონებას ახლაც ფლობს. სხვათაშორის, როგორც ბერა ივანიშვილის დაქორწინების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რეპერმა მამისგან მილიონები საჩუქრად მაშინვე მიიღო. ახლა, როცა ივანიშვილის საგარეო სიტუაცია ბოლომდე აარაა ღია და ნათელი, გასაკვირი არ იქნება, რომ ფონდ „ქართუსთვის“ ქველმოქმედების სახით გადაცემული „მემკვიდრეობის“ შემდეგ, ივანიშვილი ოჯახსაც გადაუნაწილებს ქონებას.

შესაბამისად, „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ უტა ივანიშვილი მამამ პარიზიდან სწორედ მემკვიდრეობის განაწილების მიზნით გამოიძახა და გადანაწილდება არათუ საზოგადოებისთვის ცნობილი 200 მილიონი დოლარი, არამედ ის ფარული თუ ღია ქონებაც, რაც ივანიშვილების ოჯახის საკუთრებაშია, მათ შორის, ცნობილი ნახატები, რომელთა შეძენითაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია დაკავებული, სულაც არ ჟღერს დაუჯერებლად.

თუ ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს, გია ხუხაშვილს ვერწმუნებით, ექსმილიარდერმა 1 მილიარდი სწორედ ნახატების შეძენითა და შემდგომ მათი გაყიდვით დააგროვა, მეტიც ექსმრჩევლის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ სფეროში დიდი ნიჭი გამოავლინა.

მაგალითად, 2016 წელს ივანიშვილმა 112 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა. რუსული „ფორბსის“ ინფორმაციით, ნახატებს შორის იყვნენ: პიკასოს, ფრენსის ბეკონისა და ლუსიან ფროიდის ნამუშევრები.

ამავე გამოცემის ცნობით, პაბლო პიკასოს - „კაცი ჩიბუხით“, ივანიშვილმა 11,8 მილიონ დოლარად შეიძინა და 18,4 მილიონად გაყიდა. ტილოს ასლი კი, წლების მანძლზე  მფლობელის „შუშის სასახლეს“ ამშვენებდა.

უილემ დე კუნინგის ნახატი -  "უსახელო XXV" , ივანიშვილმა 2006 წელს 27,1 მილიონად იყიდა და შემდეგ, 66, 3 მილიონად გაყიდა.

ყველაზე დიდი თანხა მან, რუსული „ფორბსის“ ინფორმაციით, ასევე 2006 წელს, პაბლო პიკასოს ტილოში - „დორა მაარი კატით“,  გადაიხადა. ნახატი ქართველმა მილიარდერმა 95 მილიონ დოლარად შეიძინა.

ეს ნახატი პიკასომ 1941 წელს შექმნა. მასზე გამოსახულია გენიალური მხატვრის მუზა, ფრანგი ფოტოგრაფი და პოეტი დორა მაარი, რომელიც ხის სკამზე ზის. და მის მარჯვენა ბეჭთან პატარა, შავი კატა ზის.

ამ ნახატში ივანიშვილმა ყველაზე მაღალი თანხა გადაიხადა. ექსმილიარდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის საერთო ფასზე კი, გამოთქმულია ვარაუდი, რომ მისი რაოდენობა, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარია.  ეს ზუსტად, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თავად ივანიშვილის გარდა.

მოკლედ,  ივანიშვილი ამ საქმეში რომ ნამდვილად ნიჭიერია, ფაქტია. „მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, მე გადავიყვანე ხელოვნებაზე“ - განაცხადა მან თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში. შესაბამისად კი, მომავალში, ამ ხაზით მილიონების დაგროვების შანსიც მასთან ერთად რჩება, დარჩება ის პოლიტიკაში, თუ, როგორც თავად განაცხადა, საკუთარი ცხოვრების იმ სტილს დაუბრუნდება ნამდვილად, რაც 2012 წლამდე, ანუ პოლიტიკაში შემოსვლამდე ქონდა.

თუმცა, უფრო დიდი ალბათობით, ღიად ის ქართულ პოლიტიკაში აღარ მობრუნდება, მაგრამ პოლიტიკური მემკვიდრისთვის პლატფორმას აუცილებლად მოამზადებს.

რუსა მუმლაძე